სუპერლიგის დებიუტანტმა “მეგამ” ერთ-ერთი ლიდერი “ქუთაისი” დაამარცხა და იმ გუნდების ჭიდილში, რომლებსაც სუპერლიგაში ჯერ ადგილის განაღდება და შემდეგ პლეი ოფში მაქსიმუმის მიღწევა სურთ, დაწინაურდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტად საჭირო გამარჯვება მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ფავორიტთან მოიპოვა.
ქუთაისელებმა მიმდინარე გათამაშება უძლიერესად დაიწყეს და 7 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობდნენ. შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილ რიონისპირელებს ჩავარდნა დაეწყოთ და მომდევნო 6 მატჩიდან 4 წააგეს. დღევანდელ მატჩში ქუთაისელები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ, თუმცა მეგას მოთამაშეებმა ღირსეულად იბრძოლეს, რითაც გამარჯვება დაიმსახურეს.
პირველი პერიოდი “მეგამ” 27:16 მოიგო. დიდი შესვენებამდე ლიდერობას კიდე 2 ქულა წაამატა და გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა. ქუთაისელებმა მესამეში ვერა და ბოლო პერიოდში მოახერხეს თამაშის გამოსწორება, თუმცა უკვე გვიან იყო. “მეგა” 15 ქულას იგებდა და თამაშის გადასარჩენად ქუთაისელებს არც დრო ჰქონდათ და არც რესურსი.
საბოლოოდ მეგამ 95:87 (სტატისტიკა) იმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-6 გამარჯვება (8 წაგების წილ) მოიპოვა. მეგაში 31 ქულით საუკეთესო იყო ჯიმონ ჰენსონი. დენგი აკუთიმ 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა. ტაილერ კორბინის ანგარიშზე 13 ქულა და 7 პასი დაგროვდა. “ქუთაისში” 26 ქულით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. ადრიან ბოუიმ შეხვედრა 14 ქულითა და 8 პასით დაასრულა.