პირველი გამარჯვება 12 წლის შემდეგ. ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ ევროტურნირში ქართულმა გუნდმა ბოლოს 2011 წელს გაიმარჯვა. ეს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა “არმიამ” მოახერხა, რომელიც ევროჩელენჯად წოდებულ ტურნირში გამოდიოდა. ამ ტურნირის სამართალმემკვიდრე ფიბა ევროპის თასია და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის პირველ ტურში გერმანიაში ღირსეული თამაშისა და “გიოტინგენთან” ბოლო წამებზე დამარცხების შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მა თბილისი არენაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა კვიპროსის “კერავნოსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 63:60 დაამარცხა.
უნივერსიტეტისთვის ეს გახლდათ ისტორიული გამარჯვება. თსუ წლეულს პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, პირველად გავიდა ევროტურნირზე და პირველი გამარჯვებაც იზეიმა. ეს გახლდათ რთული, ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ძლიერ მეტოქესთან, რომელიც თამაშის დაწყებიდან მთელი 31 წუთის მანძილზე წინ იყო. თსუ თამაშის დასრულებამდე 7-იოდე წუთით ადრე დაწინაურდა და მას შემდეგ ლიდერობა აღარ დაუთმია.
თსუ-ის დაწინაურება მისი თითოეული წევრის დიდი დამსახურება იყო. უნივერსიტეტელებმა პირველი ნახევარი 12 ქულით წააგეს და თამაშის განახლებისთანავე 15-ით ჩამორჩნენ – შავარ რეინოლდსმა კვიპროსული კლუბი 41:26 დააწინაურა. აქ დასრულდა კვიპროსელთა დომინაცია. თსუ-მ საკუთარი ფარის მისადგომები გადაკეტა და მესამე პერიოდში დარჩენილ 9 წუთში მეტოქეს მხოლოდ 4 ქულა (!) ჩააგდებინა.
კარგი დაცვის ფონზე თსუ-ს შეტევაში გზა გაეხსნა. კახა ჯინჭარაძე ჩვეულად გამოირჩეოდა, რომელსაც ზურგს უკანა ხაზი გიორგი ცინცაძისა და რატი ანდრონიკაშვილის სახით უმაგრებდა. ანდრონიკაშვილს თსუ-ში დებიუტი ჰქონდა, მან კარგად შეცვალა თსუ-ს ფეხნატკენი ტაირი ბოიკინი, რომელმაც ტრავმა მოედანზე შესვლიდან მალევე გაიმიზეზა და სათადარიგოებში თამაშის ბოლომდე გადაინაცვლა.
მესამე პერიოდის 10 ქულით მოგების შემდეგ კერავნოსის ლიდერობიდან 2 ქულაღა დარჩა, რომელიც მალევე გაბათილდა და თსუ ინ სოლიდურად- 7 ქულით გაიჭრა. გიორგი ტურძილაძემ საბოლოოდ დაძლია თავისი მეურვის წინააღმდეგობა და ბოლო წუთებზე მისი და ჯინჭარაძის ჩაგდებული ქულებით უნივერსიტეტელებმა საიმედო ლიდერობა მოიპოვეს – 63:57. თამაშის დასრულებამდე წუთნახევარი რჩებოდა, რაც ფაქტობრივად თსუ-ს გამარჯვებას ნიშნავდა. თუმცა ბოლო წამებზე კერავნოსმა მაინც მოახერხა ვითარების დაძაბვა, თუმცა თსუ-მ მეტოქის შტურმი გადაიტანა და საბოლოოდ 3 ქულით – 63:60 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.
თსუ-ში 22 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 7 ქულა და 14 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა. გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე 11 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. კერავნოსის რიგებში 14 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო იყო ტრევის ტეილორი, შავარ რეინოლდსის ანგარიშზეც 14 ქულა დაგროვდა.
ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა. გერმანულმა გიოტინგენმა იტალიაში ვარეზეს მოუგო და ჯგუფში გალიდერდა. მოერე ადგილზე ვარეზე და თსუ არიან თითო მოგებ-წაგებით, ხოლო ბოლო საფეხურზე 2 წაგების მქონე კერავნოსია.
მომდევნო ტურში, 2 ნოემბერს, თსუ იტალიაში ვარეზეს შეხვდება, ხოლო ერთი დღით ადრე გიოტინგენი კერავნოსს უმასპინძლებს.
ლექსო ლაფანაშვილი, თსუ-ის მთავარი მწვრთნელი:
„პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოვიდა. გვაკლდა აგრესია, რის გამოც რიგ ეპიზოდებში მეტოქემ უპირატესობის მოპოვება მოახერხა და 15 ქულითაც დაწინაურდა.
ასეთი სხვაობის გაბათილება კალათბურთში ძალიან რთულია, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში თამაში გამოვასწორეთ და სხვაობაც ნელ-ნელა შევამცირეთ. ამ მომენტში კახა ჯინჭარაძემ ერთმანეთის მიყოლებით არაერთი ქულა ჩააგდო. მან დიდი დახმარება გაგვიწია, ისევე როგორც ყველა სხვა კალათბურთელმა.
თუმცა გამარჯვება გუნდურმა თამაშმა განაპირობა. მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვიცავდით თავს, მეტი ჩაჭრა გავაკეთეთ და სწრაფი შეტევების საშუალებაც გაგვიჩნდა.
განსაკუთრებული მადლობა თსუ-ს გულშემატკივარს, რომელმაც ბოლომდე ენერგიულად გვიქომაგა და თამაშს დამატებითი ხიბლი შესძინა“.
გიორგი ტურძილაძე, თსუ-ის კალათბურთელი:
„ძალიან დაძაბული მატჩი იყო. პირველ ნახევარში ჩვენი თამაშის პოვნა გაგვიჭირდა. თუმცა მეორე ტაიმში მწვრთნელის მითითებები კარგად შევასრულეთ და დადებითი შედეგიც მივიღეთ. მინდა, მივულოცო ყველას, განსაკუთრებით, გულშემატკივრებს. უმთავრესად სწორედ მათი დამსახურებაა ჩვენი მოგება. მაშინ, როდესაც მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო, კიდევ უფრო ენერგიულად გვქომაგობდნენ და გამარჯვების ძალა მოგვცეს“.