მიმდინარე სუპერლიგაში ამ მომენტისთვის ყველაზე შედეგიანი, წაუგებელი სერია საკალათბურთო კლუბ “ვერას” აქვს. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 7 მატჩი მოიგო და ამ შედეგით “ქუთაისს” გაუთანაბრდა. ქუთაისელებმა სუპერლიგის საწყისი 7 ტური მოიგეს, რის შემდეგაც პირველი მარცხი “ტიტებთან” განიცადეს. ვერელებმა კი ბოლოს მარცხი თსუ-თან, 31 ოქტომბერს განიცადეს, რის შემდეგაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს მეგა, კაკტუსი, ცხუმ-აფხაზეთი, ტიტები, ოლიმპი, დინამო და დღეს რუსთავსაც მოუგეს.
ვერელებისთვის მოქმედი ჩემპიონის დამარცხება რთული არ ყოფილა. გასიტაშვილის გუნდმა თავიდანვე სწრაფი, კონტრშეტევებზე აწყობილი თამაში შესთავაზა მეტოქეს. თავის მხრივ რუსთაველებსაც სჩვევიათ სწრაფი თამაში და თავს ამ კომპონენტში უფრო კომფორტულად გრძნობენ, თუმცა როცა მეტოქე უფრო შედეგიანია, თავს ზემოთ ძალა არა აქვთ. ვერას მოთამაშეები ჩასაგდებს გარღვევებითაც აგდებდნენ და მიზანში შორიდან, თუ საშუალო დისტანციებიდანაც არტყამდნენ. ობრი მაკალპინმა ფაქტობრივად ყველა სროლა ჩააგდო, რითაც თანაგუნდელები – ზაკ სელიასი, დარელ ბრაუნი და ვახტანგ ქადარიაც აიყოლია.
მეტნაკლებად თანაბარი (28:24) პირველი პერიოდის შემდეგ ვერამ უმძლავრესი ათწუთეული ჩაატარა, რომელიც 34:16 მოიგო, დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი ლიდერობით გავიდა და შეხვედრის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვიტა. რუსთაველთა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ ცდა არ დააკლო, ყველა ხერხი და ღონე იხმარა, მაგრამ ვითარება ვერ გამოასწორა. ქვემოქართლელებმა მესამე პერიოდის ერთ ეპიზოდში სპურტივით გაქცევა მოაწყვეს, თუმცა ვერელები მაგრად დაუდგნენ, ბურთების ჩაგდებაში მეტოქეს არც თავად ჩამორჩნენ და მცირე ჩავარდნა იოლად გადააგორეს.
საბოლოოდ თამაში სათადარიგოებმა ჩაამთავრეს, რადგან მატჩის ბედი საფინალო სირენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაირკვა. საბოლოო ანგარიში 104:85 (სტატისტიკა) და “ვერამ” პირველი წრე თსუ-ს მსგავსად 8 მოგებითა და 2 მარცხით, მე-3 ადგილზე დაასრულა. ვერელებს პირადი შეხვედრა წაგებული აქვთ უნივერსიტეტელებთან და ამის გამო არიან ცხრილში მე-3 ადგილზე.
პირველი წრის ბოლო შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთი” სუპერლიგის დებიუტანტ “მეგას” შეხვდება.