შედეგები
საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. პირველი წრის და ახალი
წლის შემდეგ გუნდებმა ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყეს.
დღეს
2 მატჩი რეგიონებში გაიმართა – ბათუმში სათამაშოდ „დინამო“ ჩავიდა, ხოლო ქუთაისს „ოლიმპი“
ესტუმრა.
ორივე მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
ოთხივე გუნდს ახალი მოთამაშეები ჰყავს, რომელთა შორისაც დღევანდელ მატჩებში თავი ყველაზე
კარგად დინამოელთა ახალწვეულმა, გარიკ შერმანმა წარმოაჩინა. ამერიკელმა ცენტრმა ბათუმში
დიდებულად ითამაშა და „დინამოს“ გამარჯვებაც დიდად განაპირობა.
პირველი ტაიმის 43:39 მოგების შემდეგ ბათუმელები, რომელთა
გამწევ ძალასაც ლეგიონერები წარმოადგენენ, ჩამორჩნენ. გარიკ შერმანის მექულეობით დინამოელებმა
მესამე პერიოდი 28:15 მოიგეს და გადმწყვეტი პერიოდის წინ 67:58 დაწინაურდნენ. დარჩენილ
დროში ლიდერობის შენარჩუნება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა და მოქმედ ჩემპიონს ეს
არც გასჭირვებია.
დინამოელებმა საბოლოოდ 87:73 მოიგეს და ცხრილში პირველი
ადგილი გაიმყარეს. გამარჯვებულებს 28 ქულით შერმანმა ულიდერა. ამ უკანასკნელმა სუპერლიგის
პირველსავე მატჩში მოხსნებში სეზონის რეკორდი დაამყარა. გარიკ შერმანმა 28 ქულასთან
ერთად 23 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიპოვა. პირველი წრის რეკორდი ასევე დინამოელის,
რიჩარდ მათიაშვილის 21 მოხსნა იყო.
აღსანიშნავია, რომ შერმანმა 6-ივე საჯარიმო ააცილა,
თუმცა მან იმდენად კარგად ითამაშა სამწამიან ზონაში, რომ 23-დან 14 ორქულიანი ჩააგდო.
11 ქულა მიითვალა დინამოელთა მეორე ახალწვეულმა მარკო პოპოვიჩმა, თუმცა აღსანიშნავია,
რომ ამავდროულად სერბმა ლეგიონერმა ბურთი 9-ჯერ დაკარგა. შესანიშნავად გაისარჯა ილია
ლონდარიძე, რომელმაც დინამოელებს 18 ქულა და ამდენივე მოხსნა მიაშველა. ბათუმელთაგან
27 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ბიჯეი იანგი გახლდათ, 14-14 ქულა კი კრის ფელჩერმა
და ნიკ კელოგმა მიითვალეს.
ქუთაისში გამართული შეხვედრა ისეთი დაძაბული და თანაბარი
იყო, მიმდინარე სუპერლიგაში ანალოგი ძნელად მოეძებნება. თავად განსაჯეთ: თამაშის მსვლელობისას
ფრე 19-ჯერ დაფიქსირდა, ხოლო ლიდერი 21-ჯერ შეიცვლა. პირველი მეოთხედიდან ბოლო წამებამდე
შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა.
საფინალო სირენამდე ორნახევარი წუთით ადრე ნუგზარ აბულაძის
ორქულიანის შემდეგ „ოლიმპი“ 73:70 დაწინურდა, თუმცა დავით ბარბაქაძემ სამქულიანით,
ხოლო ვახტანგ ქადარიამ ორიანით ქუთაისელები 75:73 დააწინაურა. ამასობაში დაიწყო ბოლო
წუთი და დადგა მასპინძელთა სლოვენიელი ლეგიონერის – მირზა სარალიას ჯერი. ამ უკანასკნელმა
მასზე ოლიმპელთა მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმები ქულებად აქცია. სარალიამ ბოლო წუთზე
6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და ქუთაისელებს მოგება გაუნაღდა.
საბოლოოდ „ქუთაისმა“ 83:77 მოიგო და ქორქია-საკანდელიძის
მემორიალზე წაგებისთვის „ოლიმპს“ რევანში აუღო. ქუთაისელთა შორის 18 ქულით ბომბარდირი
დავით ბარბაქაძე გახდა, მირზა სარალიამ 16 მიითვალა, ზაურ ფაშაევის ანგარიშზე კი
12 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა დაგროვდა. „ოლიმპში“
ყველაზე ერთი თავით მაღა იდგა მარკო დუიკოვიჩი, რომელმაც 25 ქულა-20 მოხსნა დააგროვა.
ნუგზარ აბულაძემ ოლიმპელებს 15 ქულა შესძინა.
სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის დარჩებილი ორი
მატჩი ხვალ თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
მატჩისშემდგომი
კომენტარები
ბათუმი – დინამო 73:87
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად დაფიქსირებული ანგარიშისა, რთული თამაში
იყო. გვყავს 3 ახალი მოთამაშე, რომლებსაც არ ჰქონიათ ჩვენი ტაქტიქის შესწავლისა და
გუნდთან შეწყობის დრო. პოტენციალი გვაქვს და ყველაფერი წინ არის. ამ დღეებს მაქსიმალურად
გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გუნდი კიდევ უფრო დავალაგოთ. დღეს ჩვენმა ბიჭებმა ბრძოლის ხარჯზე მოიგეს. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მათ თავისი საქმე გააკეთეს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
დავით უსტიაშვილი
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): პირველი ტაიმში ბევრად უფრო კარგად
ვიასპარეზეთ, თუმცა თამაშის მეორე ნახევრიდან გუნდს დაღლილობა დაეტყო. დინამოს გუნდს
შესანიშნავი ლეგიონერები ჰყავს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მის გამარჯვებაში.
განსაკუთრებით გამოვყოფდი გარიკ შერმანს, რომელიც
ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა. დღევანდელ თამაშში კარგად გამოჩნდა ჩვენი გუნდის ხარვეზები,
განსაკუთრებით კი დაცვაში.
ქუთაისი – ოლიმპი 83:77
მედეა მხეიძე
(„ქუთაისის“ მწვრთნელი): ძალიან კარგი თამაში შედგა. უაღრესად დაძაბული, დრამატული და ემოციებით სავსე.
მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ეს მატჩი
ჩვენთვის საკმაოდ პრინციპული გახლდათ, მით უმეტეს რომ ჩვენი მოწინააღმდეგე გაძლიერებულია და ჰყავს მონდომებული, მოტივირებული ახალგაზრდა კალათბურთელები. „ოლიმპმა“ მემორიალის მატჩებზეც
დაამტკიცა რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია. ჩვენი მოგება შეხვედრის გადამწყვეტ წუთებზე გამოცდილებამ
და დაცვაში აქტიურმა თამაშმა განაპირობა. მთელი თამაშის მსვლელობისას უპირატესობა ფაქტიურად
არცერთ გუნდს ჰქონია და ბოლო მეოთხედში ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა. კმაყოფილნი ვართ ახალი ლეგიონერით, რომელმაც სრულიად
უცხო გუნდში იასპარეზა და მიცემულ დავალებებს თავი შესანიშნავად გაართვა. ვამაყობ ჩვენი
გუნდით და იმედი მაქვს დღევანდელი ეს გამარჯვება კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარი
გახდება.
გია კაზანჯიანი(„ოლიმპის“
მთავარი მწვრთნელი): თამაშმა ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა და როგორც
ყოველთვის ქუთაისის სპორტის სასახლე მაყურებლებით გაივსო. 25 დაკარგვა ძალიან ბევრია,
მაგრამ მთლიან ჯამში ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და გარკვეულმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად
იქონია მატჩზე გავლენა. სადაო და საეჭვო ვითარებებში 5 პერსონალური ჯარიმით დაიტვირთა მარკო პოპოვიჩი,
რომელსაც მეორე ტაიმში ფაქტიურად სასროლი ჯარიმა
არ უსვრია, არადა ასეთი მომენტი ბევჯერ დაფიქსირდა. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენ ამ
თამაშში სტუმრები ვიყავით და გასაგებია, რომ მასპინძლებს რამდენიმე „სასტვენი“ ეკუთვნოდათ.