სტატისტიკა
გალერეა
მეორე წრის პირველი ტური ქუთაისში გაგრძელდა, სადაც
სათამაშოდ “სოხუმი” ჩავიდა და მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართა. “ქუთაისი”
– “სოხუმის” დაპირისპირება საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თითქმის მთელი
შეხვედრის მანძილზე სტუმრები ლიდერობდნენ, თუმცა იმერულმა კლუბმა ბოლო მეოთხედში მოახერხა
ერთ მუშტად შეკრული მეტოქის გატეხვა და საწადელს მიაღწია – 77:68 გაიმარჯვა.
სოხუმელებს აკლდათ ამერიკელი ჯოშუა ჯექსონი, საერთოდ კი
ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ქუთაისში 8 მოთამაშით ჩავიდა, საიდანაც 2-მა სიმბოლური დროით
ითამაშა. გამოვიდა, რომ თამაშის სიმძიმემ ძირითადად 6 კალათბურთელზე გადაიარა. ცხადია,
ძირითადი ბირთვი გადაიღალა და მატჩის დასკვნით მომენტში უპირატესობა დათმო. მანამდე
კი სოხუმელებს საქმეები კარგად მისდიოდათ – მატჩის პირველი მეოთხედი კვარაცხელიას გუნდმა
13 ქულით მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი პოზიციები ცოტათი დათმო, თუმც მაინც დამაჯერებლად
იგებდა – 40:29.
ქუთაისელებმა შესვენების შემდეგ თამაშის ტაქტიკა შეცვალეს,
სტუმრებს კი, რომლებსაც სათამადო შეცვლა არ ჰყავდათ, გადაღლილობა დაეტყოთ. მესამე პერიოდი
მასპინძლებმა 22:18 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ სოხუმელთა ლიდერობიდან 7 ქულა დარჩა.
ბოლო პერიოდში მასპინძლებმა მაინც თავისი გაიტანეს.
როცა ანგარიში 66:60 იყო სოხუმელთა სასარგებლოდ, ქუთაისეებმა იძალეს და დარჩენილი
6 წუთი სტუმრებს 18:2 (!) მოუგეს. აღნიშნულ შტურმში აკაკი დვალიშვილი, გოგა ცეკვავა,
რევაზ დიდი და ზაურ ფაშაევი გამოირჩნენ. სოხუმელებმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე
ვერ მიიყვანეს და მატჩი 9 ქულის სხვაობით დათმეს.
გამარჯვებულებს 21 ქულითა და 12 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა
ულიდერა, 16 ქულა დაუგროვდა ცეკვავას, ხოლო აზერბაიჯანელმა ზაურ ფაშაევმა სამმაგი დუბლის
ზღვარზე გაიარა – 14 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. “სოხუმში” 21 ქულითა და 18
მოხსნით საუკეთესო ჯერემი საიმონსი იყო, 16 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ვახტანგ ქადარიას,
რატი ბააკაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.
მეორე წრის პირველი ტურის დარჩნილი 2 შეხვედრა ხვალ
თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ჩვენი წასვლა დღეს ფინანსური პრობლემების გამო სათუო იყო. საბედნიეროდ
მეგობარმა მასესხა ფული და დღეს ვარჯიშის მერე გადაწყდა გამგზავრების ამბავი. იმედია მინდია
გულუა მალე გადაწყვიტავს ჩვენს პრობლემას და სიტუაცია დალაგდება. მადლობა ბიჭებს ასეთი
კარგი თამაშისთვის, ძალიან კმაყოფილი ვარ. დალაგებულად და პრობლემების
გარეშე რომ ჩავსულიყავით ქუთაისში ვფიქრობ ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით.
მალხაზ კოხრეიძე
(ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის გუნდს საკმაოდ დიდი პრობლემები
აქვს, იგი ყოველთვის გამორჩეულია პატრიოტიზმით და საქმისადმი დიდი სიყვარულით. მადლობა მთელ სოხუმის კოლექტივს და ვაჟა კვარცხელიას. დღეს ლამაზი ბრძოლა შედგა და ვიტყოდი
რომ ეს იყო მეგობრული შეხვედრა. ნამდვილად დასაფასებელია სოხუმის გუნდი, მადლობა ასეთი ლამაზი წინააღმდეგობისთვის. მის გასატეხად რამდენიმე ტაქტიკა გამოვიყენეთ, ერთ-ერთმა გაამართლა და შედეგიც სახეზეა. აღსანიშნავია,
რომ ქუთაისიც და სოხუმიც დიდი ტრადიციების
მქონე ქალაქებია, ორივეს დიდი ისტორია გაგვაჩნია. მადლობა ქუთაისის კალათბურთელებს
და მადლობა ჩვენს გულშემატკივარს.