სტატისტიკა გალერეა ვიდეო
სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა. ბოლო მატჩში საინტერესო
ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. “სოხუმმა” 23 ქულის
სხვაობით დაამარცხა “არმია” და ჩემპიონატის ცხრილმა საბოლოო სახე მიიღო.
პირველ ადგილზე მხოლოდ 1 წგების მქონე “დინამო”
გამაგრდა, შემდეგ კი “არმია” და “ქუთაისი” მოდიან. ამ გუნდებმა
ქულების თანაბარი ოდენობა დააგროვეს, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე მეორეზე არმიელები
განთავსდნენ.
თანაბარქულიანობაა “სოხუმსა”და “ბათუმს”
შორისაც, სადაც უპირატესობა აჭარულ გუნდს აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. შემდეგ მოდის
“შსს-აკადემია” და 3 აუტსაიდერი – “რუსთავი”, “ოლიმპი”
და “მაკაბი”.
რაც შეეხება პირველი წრის ბოლო მატჩს, სოხუმელებმა
“არმიას” ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს. არმიელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი
ჰქონდათ მიხეილ ბერიშვილისა და თემურ ბაბუნაშვილის სახით, თუმც “სოხუმსაც”
აკლდა ძირითადი ცენტრი ნიკა მეტრეველი, რომელიც იტალიური ლეგადუეს “როზეტოში”
გადავიდა.
დაძაბული მხოლოდ პირველი
მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სოხუმელებმა 15:12 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის სხვაობა
11 ქულამდე გაიზარდა, ხოლო გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “სოხუმმა”
24:11 მოიგო და
გამარჯვება ნაადრევად გაიფორმა. ბოლო 10-წუთეულის წინ “არმია” 24 ქულით აგებდა
და თამაშის გადარჩენის არც დრო ჰქონდა და არც შესაძლებლობა.
სოხუმელებს ამერიკელმა ჯოშუა ჯექსონმა 21 ქულით ულიდერა,
მეორე ოკეანგაღმელმა ჯერემი სიმონსმა კი გამარჯვებულებს 14 ქულა და 17 მოხსნა მიაშველა.
18 ქულა დაგროვდა ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე. “არმიაში” 13 ქულით საუკეთესო
გიორგი შარაბიძე იყო, 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ზვიად ბაბიაშვილმა.
პირველი წრე დასრულდა, 20 დეკემბერს კი ზურაბ საკანდელიძისა
და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი დაიწყება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ სოხუმს
გამარჯვებას, ღირსეულად მოიგეს, ამ სეზონში უვკე მეორედ სირცხვილი გვაჭამეს. თუმცა
ეს არ იყო სურპრიზი, სოხუმი ჩვენზე ძლიერი გუნდია. ძალიან ცუდი პროცენტით ვესროლეთ. არ მჩვევია მოთამაშეებს დავაბრალო წაგება,
თუმცა დღეს ტაქტიკის პრობლემა არ გვქონია. ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ
ასე ცუდად ვიასპარეზეთ. რამდენიმე დღე დარჩა ქორქია-საკანდელიძის ტურნირის დაწყებამდე
და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, რათა უკეთ ვითამაშოთ. “სოხუმის” დამარცხებაზე ფიქრი ჯერ
ადრეა. კიდევ ერთხელ მივულოცავ მეტოქეს და წარმატებას ვუსურვებ დარჩენილ თამაშებში.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი):დიდი მადლობა
,,არმიას’’, რომელიც არის აწყობილი, ჩამოყალიბებული მექანიზმი და ის ყოველთვის იქნება სერიოზული
მეტოქე. ბერიშვილი და ბაბუნაშვილი გუნდისთვის დიდი ძალაა და მათი დანაკლისის პირობებში “არმიამ” ნამდვილად კარგად ითამაშა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს 7 გუნდი თითქმის
თანაბარი სიძლიერისაა და ყველას ყველასთან შეუძლია წარმატების მიღწევა.
ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): მივულოცავ გამარჯვებას სოხუმის გუნდს, რომელმაც აშკარად გვაჯობა დღეს. მოვემზადებით სათანადოდ და ვეცდებით მომავალში უკეთესი წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენს მეტოქეებს.
ჯოშუა ჯექსონი(,,სოხუმი’’):პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ “არმია” საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელმაც ქუთაისი დაამარცხა. ეს საკმაოდ კარგად გვქონდა მთელ გუნდს გააზრებული და მასთან შესახვედრად განსაკუთრებით ვემზადებოდით. გუნდურად ვითამაშეთ, ძალები არ დავიშურეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. მივულოცავ მთლიანად ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს.