სტატისტიკა გალერეაგუშინ რეგიონებში დაწყებული სუპერლიგის მე-8 ტური დღეს
თბილისში გაგრძელდა. ახალი სპორტის სასახლე 2 მატჩს მასპინძლობს, რომელთაგან პირველი,
„სოხუმი“ – „რუსთავის“ დაპირისპირება უკვე დასრულდა.
შეხვედრა პრინციპული გახლდათ. ამ გუნდების პირველი წრის
შეხვედრა სოხუმელებმა ძალიან იოლად მოიგეს და „რუსთავს“ რევანში ჰქონდა ასაღები. თანაც,
გამარჯვება ქვემოქართლურ გუნდს სოხუმელებთან ცხრილში გაათანაბრებდა – მათ შორის სხვაობა
ხომ ამ მატჩამდე 1 ქულა იყო.
სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე. რუსთაველებმა
ცდა არ დააკლეს, წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღეს, მაგრამ გონივრულად მოთამაშე სოხუმელების
დამარცხება ვერ მოახერხეს. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა ინიციატივა პირველივე
მეოთხედში მოიპოვა, რაც ქულებში ასახა თანმიმდევრულად აისახა. პირველი პერიოდი „სოხუმმა“
20:16 მოიგო, მეორეში კი ლიდერობა უფრო გაიმყარა და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით
გავიდა.
ამ მომენტიდან დაიწყო რუსთაველთა მცდელობა, ვითარება
გამოესწორებინათ, მაგრამ მაქსიმუმი, რასაც მიაღწიეს, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება
იყო. სოხუმელები გამართულად თამაშობდნენ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ქვემოქართლურ
გუნდს მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ 71:57 სოხუმელთა სასარგებლოდ,
რომლებმაც 2-მატჩიანი უიღბლო სერიის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს და მე-3 ადგილზე დარჩნენ.
სოხუმელთაგან 20 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი
სერგო ათუაშვილმა დააფიქსირა. 20 ქულა დააგროვა ამერიკელმა ლეგიონერმა ფილიპ მილერმა,
ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. აღსანიშნავია ლევან ფაცაციას გარჯა,
რომელმაც ბოლო ამ შეხვედრაში მოპოვებული 7 ქულა ბოლო პერიოდში მოაგროვა და რუსთაველებს
მიახლოვების საშუალება არ მისცა. წაგებულთაგან 21 ქულითა და 11 მოხსნით ნიკოლა გაჩეშა
გამოირჩა.
სოხუმი – რუსთავი 71:57
ვაჟა კვარაცხელია, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„ველოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ასეც მოხდა.
„რუსთავი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია, თან პირველ წრეში წაგებისთვის რევანში ჰქონდა ასაღები.
ვერ ვიტყვი, ყველაფერი იდეალურად შევასრულეთო, იყო გარკვეული შეცდომები, რაზე მუშაობაც
გვმართებს, თუმცა დღეს დასახულ მიზანს მივაღწიეთ და კმაყოფილები ვართ“.
რამაზ გოგობერიშვილი, „რუსთავის“ მწვრთნელი:
„პირველ რიგში მივულოცავ მეტოქე
გუნდს გამარჯვებას. ჩვენ მხოლოდ 57 ქულა ჩავაგდეთ და ეს ძალიან ცოტაა. ცხადია, საკმაოდ
ბევრი შეცდომები გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. იმედი მაქვს, მომავალ მატჩებში
უკეთესად ვითამაშებთ და იგივე შეცდომებს აღარ დავუშვებთ“.