სტატისტიკა
გალერეა
Video
“სოხუმისა”
და “ოლიმპის” მატჩი ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა. დავით თორთლაძის
გაწვრთნილმა ოლიმპელებმა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვთ მოპოვებული,
დასანანი მატჩი წააგეს.
“ოლიმპი”
გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ უხეში შეცდომების გამო მოგების მოპოვება ვერ შეძლო.
მატჩის ბოლო წუთზე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, თორთლაძის გუნდი უტევდა. საფინალო
სირენამდე 5 წამი რჩებოდა, ხოლო ოლიმპელებს შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამიდან 2 წამი
ჰქონდათ დარჩენილი.
რიჩარდ მათიაშვილმა
3-ქულიანი ესროლა, ბურთი კალათის რკალს მოხვდა და სირენა გაისმა. “ოლიმპის”
წევრებს ეს საფინალო სირენა ეგონათ და ბურთის მოსახსნელად არ იბრძოლეს. არადა, დასრულებამდე
კიდევ რჩებოდა 3 წამი და ოლიმპელებს რომ ემარჯვათ, მათიაშვილის აცილებული ბურთის დამატება
შეეძლოთ.
თამაში დამატებით
დროში გადავიდა და კვლავ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. გუნდებმა სამქულიანები, ორიანები
გაცვალეს და ბოლო წუთზე ანგარიში კვლავ თანაბარი იყო. რიჩარდ მათიაშვილის 2 ქულიანს
მოყოლილმა ზუსტმა საჯარიმომ “ოლიმპი” 2 ქულით დააწინაურა – 94:92.
“სოხუმს”
შეტევისთვის 15 წამი ჰქონდა, ბურთი ჯერემი საიმონსმა მიიღო და მასზე დაჯარიმდნენ. დასრულებამდე
11 წამით ადრე ამერიკელმა ლეგიონერმა ანგარიში საჯარიმოებით გაათანაბრა, რის შემდეგაც
ყველა მეორე ოვერტაიმის მოლოდინში იყო, მაგრამ ოლიმპელი გიორგი ხანიაშვილი დაუფიქრებლად
შეტევაში წავიდა, რითაც შეცდომა დაუშვა. მისი გარღვევა არაზუსტი აღმოჩნდა და ბურთი
სოხუმელებმა რომ მოხსნეს, შეტევისთვის 3 წამი დარჩათ. ამ მოკლე დროში რატი ბააკაშვილმა
ირაკლი ჩლაიძეს გრძელი პასი მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი სირენასთან ერთად გამარჯვების
ბურთი ჩააგდო – 96:94.
სოხუმელებში ბომბარდირი
ჩლაიძე გახდა 23 ქულით, ბააკაშვილმა 20 დააგროვა, ვახტანგ ქადარიასა და ჯერემი საიმონსის
ანგარიშზე კი 19-19 ქულა დაგროვდა. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულას
15 მოხსნა მოაყოლა. “ოლიმპში” 22 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი მათიაშვილმა
დააფიქსირა, ნოდარ თენიეშვილმა კი შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით, ლამაზი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ,,ოლიმპი’’
არაჩვეულებრივი გუნდია, პროგრესს განიცდიან და პლეი ოფში, დარწმუნებული ვარ, კიდევ
უფრო უკეთეს ფორმაში იქნებიან. ჩვენთვის ეს შეხვედრა თასისთვის მოსამზადებელი მატჩი
იყო, მთელი ყურადღება საქართველოს თასის ფინალზე გვაქვს და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვება. იმ მდგომარეობას,
რომელშიც დღეს ,,სოხუმია’’, ჩვენთვის არ უნდა მოეცა მოდუნების საშუალება. ამ გუნდმა
უძლიერესი ,,დინამო’’ გამოაგდო თასის გათამაშებიდან და დაამტკიცეს, რამდენად კარგი
თამაში შეუძლიათ. რაც შეგვეხება ჩვენ, ბოლო რამდენიმე ტურია მოგების შანსები გამოგვიჩნდა,
თუმცა გავმეორდები და ვიტყვი, რომ მოგებას ცოდნა უნდა, გამარჯვება ბოლომდე უნდა მიიყვანო
და როცა მთელი სეზონი გუნდს არ გაუმარჯვია, ეს რა თქმა უნდა, რთული შესასრულებელია.
დღეს ამის გაკეთება ვერც მწვრთნელმა და ვერც
მოთამაშეებმა ვერ მოვახერხეთ.