სტატისტიკა
სუპერლიგის მე-4 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ და „სოხუმი“ შეხვდნენ. ირაკლი ხოშტარიას გუნდი ბოლო წლების დომინანტია და ამ სეზონში ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. სოხუმელებთან მატჩი „დინამოსთვის“ კარგი სპარინგი გამოდგა, რომელშიც მეტოქე საკმაოდ გაუძალიანდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო.
„სოხუმმა“ სამაგალითოდ იბრძოლა და ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს არაფერი დაუთმო. „დინამომ“, თავის მხრივ, სეზონის ერთ-ერთი სუსტი მატჩი ითამაშა, რაც უპირველესად, სოხუმელთა აგრესიული გარჯის გამო მოხდა.
სოხუმელები დებიუტში რომ დაწინაურდნენ, უპირატესობას პირველი პერიოდის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ათწუთეულიც 25:24 მოიგეს და მეორე პერიოდში „დინამოს“ მაქსიმალური მობილიზება დასჭირდა, თამაში სათავისო კალაპოტში რომ ჩაეყენებინათ. მეორე მეოთხედში დინამოელებმა მეტოქეს აჯობეს და დიდი შესვენებისთვის 10 ქულით გალიდერდნენ – 32:22.
„სოხუმმა“ მესამე მეოთხედში თამაში გამოასწორა და „დინამოს“ არ რჩებოდა. გუნდური თამაშის წყალობით სოხუმელებმა ჩამორჩენა ჯერ შეამცირეს, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც – 81:81. ეს აღმოჩნდა „სოხუმის“ მაქსიმუმი. „დინამომ“ ბოლო წუთები მაღალი დონის თამაშით ჩაამთავრა და მონაკვეთის 8:0 მოგებით შეხვედრაც სათავისო ანგარიშით დაასრულა – 89:81.
დინამოელთა ხუთივე სასტარტომ გადალახა ათქულიანი ზღვარი, რომელთაგანაც ყველაზე მეტი – 19 ქულა ამერიკელმა ლაველ ბოიდმა მიითვალა. 17 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დააგროვა მიხეილ ბერიშვილმა, ლევან ფაცაციას ანგარიშზე კი 13 ქულა იყო. „სოხუმში“ 19 ქულით ბომბარდირი მაქსიმ ლუცენკო გახლდათ, ხოლო ანატოლი ჩელოვანმა მატჩი 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი: მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს მოთამაშეებს, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვაკლდა გუნდის ერთერთი წამყვანი მოთამაშე. შევივსებით და ისევ გავაგრძელებთ უკეთესად ბრძოლას. ყველამ ნახეთ, რომ ვიბრძოლეთ. მადლობა ჩემს ბიჭებს.
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: ჯერჯერობით ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. არაუშავს, ხდება ხოლმე, თუმცა აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა იყო ამის მიზეზი. სოხუმს წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ თამაშებში.