სტატისტიკაგალერეა„სოხუმთან“ მეოთხედფინალური
სერიის დრამატულ მატჩში წაგების შემდეგ „შსს-აკადემიამ“ მეორე მატჩში დამაჯერებელი
გამარჯვება მოიპოვა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი დღევანდელ მატჩში ბევრად მობილიზებული
და შედეგიანი იყო. აღსანიშნავია, რომ სოხუმელებს ტრავმის გამო ძირითადი ხუთეულის 2
წევრი – რატი ბააკაშვილი და ბექა ბექაური აკლდათ.
თანაბარი მხოლოდ
პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც აკადემიელებმა 28:23 მოიგეს. მცირე შესვენების შემდეგ
„შსს-აკადემიამ“ მატჩის სადავეები ხელთ იგდო და სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონა. დიდი
შესვენებისთვის ტუღუშის გუნდი 12 ქულით იგებდა, გადამწყვეტი კი მესამე პერიოდი გამოდგა,
რომელიც „შსს-აკადემიამ“ 30:12 მოიგო და ბოლო პერიოდს აზრი დაეკარგა.
აკადემიელებმა
საბოლოოდ 30 ქულით – 105:75 იმარჯვეს და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს
– 1:1. სერიის მომდევნო მატჩი 8 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
თამაშის დასრულების
შემდეგ სუპერლიგის გენერალურმა პარტნიორმა, კომპანია ,,ვიტაბიოტიქსმა’’ გუნდებს სპეციალური
პროდუქცია გადასცა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემია’’, მთავარი მწვრთნელი): პირველ
რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია ,,ვიტაბიოტიქსს’’, საკალათბურთო სამყარო
არ ვართ განებივრებული ასეთი საჩუქრებით და სპონსორებით, ამიტომ მადლობა მათ მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება თამაშს, მინდა მადლობა გადავუხადო ,,სოხუმის’’ გუნდს, მწვრთნელს, მოთამაშეებს.
კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მებრძოლი გუნდია. ანგარიშში სხვაობა არაფერს არ ასახავს,
ჩვენ გუნდებს შორის ასეთი სხვაობა არ არის. დღეს ასე მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ
სამ დღეში, როცა მესამე მატჩი გვექნება, ,,სოხუმი’’ ისევ ისე იბრძოლებს, დიდ წინააღმდეგობას
გაგვიწევს და ამიტომ სერიოზული მომზადება გვმართებს. შევეცდებით, დავისვენოთ, ძალები
აღვიდგინოთ და მთელი ძალებით განვაგრძოთ სერია.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ,,აკადემია’’ ფავორიტი
იყო და უპირატესობაც ჰქონდა. ჩვენ ორი წამყვანი მოთამაშე, ბექა ბექაური და ვატო ბააკაშვილი
გვაკლდნენ ტრავმის გამო, ამიტომ შესუსტებული ძალებით ვიყავით. ,,შსს აკადემია’’ მაღალი
კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მოსალოდნელი იყო მათი გამარჯვება. ვფიქრობ,
მესამე მატჩში უკეთესად ვიასპარეზებთ.
გიორგი შარაბიძე(,,შსს აკადემია’’): გავაანალიზეთ
გუშინდელი მარცხი, დღე მოვინდომეთ, სრული მობილიზებით ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. თუმცა
,,სოხუმი’’ ძლიერი გუნდია, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია თამაშის შემობრუნება და ამიტომ
კიდევ უფრო მობილიზებულები ვიქნებით შემდეგ მატჩში.
გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): ვულოცავ ,,შსს
აკადემიას’’ გამარჯვებას, ძალიან ძლიერი გუნდია, დაღლილობის გათვალისწინებით და ასეთი
დანაკლისით მათი დამარცხება ძალიან რთულია. შემდეგ თამაშზე უფრო დასვენებულები ვიქნებით,
იმედია, ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან და ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ.