სტატისტიკა გალერეა
სუპერლიგის
მე-5 ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა. ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს
შსს აკადემია და ოლიმპი დაუპირისპირდნენ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თითქმის
მთელი თამაში გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და
შეხვედრის გამარჯვებული ბოლო პერიოდის ბოლოს გამოვლინდა – 82:72 შსს აკადემიის სასარგებლოდ.
შეხვედრის
პირველ ტაიმში ოლიმპის ახალგაზრდული გუნდი 7 ქულით გავიდა წინ 37:30, დიდი შესვენების შემდეგ კი აკადემიელებიც გააქტიურდნენ და ანგარიშიც გათანაბრეს, რის შემდეგაც გუნდებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
შესანიშნავად
იასპარეზეს ოლიმპის ახალგაზრდა კალათბურთელებმა, თუმცა მეოთხე მეოთხედში გამოცდილი
მოთამაშეების წყალობით შსს-მ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბედიც მის
სასარგებლოდ გადაწყდა. 21 ქულითა და 9 მოხსნით
გუნდს გიორგი შარაბიძემ ულიდერა, 17-17 ქულა
მიითვალეს გიორგი ცინცაძემ და ბექა წივწივაძემ, 11 ქულა კი აკაკი ლომოურის ანგარიშზეა.
„ოლიმპის“ მხრიდან 11 ქულით კოკა ტომარაძე გამოირჩა, 10-10 ქულა კი გეგი ბაქარძემ და
ნოდარ გოგოძემ დააგროვეს.
სუპერლიგის
მე-6 ტური 19-20 დეკემბერს ბათუმსა და თბილისში გაიმართება, მანამდე კი, 28 ნოემბრიდან 2015 წლის საქართველოს თასის გათამაშების მატჩები
ჩატარდება.
საქართველოს თასის კალენდარი
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენი გუნდია,
ყველანაირი გამარჯვება მისაღები და სასიამოვნოა, მითუმეტეს, ძლიერი მოწინააღმდეგის
დამარცხება. ვცდილობთ, დღითიდღე უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, თუმცა, დღეს ძალიან ცუდად
ვითამაშეთ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ჩემი გუნდის ასეთი ცუდი თამაში. არ ვუკარგავ მოწინააღმდეგეს
იმ გარჯას, რაც გაიღეს, კარგად ითამაშეს დაცვაშიც და შეტევაშიც, ბევრი სურპიზი მოგვიმზადეს,
როგორც ველოდით, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ის იყო, რომ ჩემი გუნდი არ იყო ფსიქოლოგიურად
მზად დღევანდელი მატჩისთვის. გადავრჩით წაგებას, გავიმარჯვეთ და ეს მნიშვნელოვანია.
დანარჩენზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ მეტოქეს ღირსეულ გამარჯვებას. მთელი 32 წუთი ძალიან კარგი კალათბურთი ვითამაშეთ,
თუმცა გამოცდილებამ მაინც თავისი როლი ითამაშა. ძალიან ადვილი ბურთები დავკარგეთ, ისეთი
შეცდომები დავუშვით, რასაც მეტოქის გამოცდილი მოთამაშეები არ დაუშვებდნენ. დამღლელი და არასასამოვნოა ამდენი წაგება, მაგრამ
დამარცხებებზე უნდა ვისწავლოთ, რომ მეორე წრეში მაინც უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. მინდა
აღვნიშნო, რომ დღეს ნიკა ლომიძის დებიუტი შედგა სუპერლიგაში და მინდა ეს მივულოცო.
ნიკა ლომიძე(,,ოლიმპი’’): ვულოცავ მოწინააღმდეგეს
გამარჯვებას. დასანანი მარცხი განვიცადეთ, ბოლოს გამოჩნდა, რომ გამოცდილება ძალიან
ბევრ რამეს წყვეტს.