შსს აკადემია სერიაში 2:0 დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა
გალერეა VIDEOნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი კვლავ „შსს-აკადემიამ“
მოიგო და შედეგად „ბათუმი“ სერიაში 0:2 ჩამორჩა. აჭარულმა გუნდმა დღევანდელი შეხვედრა
უკეთესად ჩაატარა, თუმცა გამარჯვებამდე ვერც ამჯერად მივიდა და თბილისიდან შინ 2 წაგებით
ბრუნდება.

აკადემიელებმა პირველივე მეოთხედში ცხადყვეს, რომ ფავორიტად
ტყუილად არ მიიჩნეოდნენ. რეგულარული ჩემპიონატის მეორე ადგილზე დამსრულებელმა „შსს-აკადემიამ“
საწყისი პერიოდი 32:21 მოიგო და ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა.

ბათუმელები წინა მატჩისგან განსხვავებით მეტი მობილიზებით
და დაცვაში გამორჩეულად თამაშობდნენ, თუმცა აკადემიელებთან მატჩის განმავლობაში წარმატების
რეალური შანსი არ ჰქონიათ. ბათუმელები შანსს ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა თამაში ღირსეულ გამარჯვებამდე მიიყვანეს და
სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

„შსს-აკადემიაში“ 20 ქულით საუკეთესო იყო ნიკა მეტრეველი,
17 ქულა მიითვალა ბექა წივწივაძემ, 16 – გიორგი შარაბიძემ და 15 – გიორგი ცინცაძემ.
„ბათუმს“ 25 ქულითა და 1 მოხსნით კრისტოფერ ფელჩერმა ულიდერა, ბიჯეი იანგმა 17 ქულა
მიითვალა, ხოლო ირაკლი მიქელაძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. 
მატჩისშემდგომი
პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): პირველ რიგში, მთავარი მისია, რომ ორი საშინაო თამაში
მოგვეგო, შევასრულეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ხარვეზები და შეცდომები
გვქონდა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება, ჩვენი მეტოქე სერიოზული გუნდია, მაქსიმალურად
ცდილობს, გამარჯვებას მიაღწიოს და გვაიძულებს, შეცდომები დავუშვათ. გუშინაც ვთქვი და
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიუხედავად სერიაში 2:0 დაწინაურებისა, წინ სერიოზული
ბრძოლა გველის. ხვალ უკვე ბათუმში მივემგზავრებით, ვემზადებით ძალიან სერიოზული თამაშისთვის.
საშინაო მოედანზე გულშემატკივართან ერთად ,,ბათუმი’’ სულ სხვა გუნდი იქნება.
დავით უსტიაშვილი(,,ბათუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): დღეს შედარებით უკეთესად ითამაშა გუნდმა, თუმცა მაინც
უამრავი ხარვეზი გვქონდა, პირველ რიგში, დაცვაში. როგორც გუშინ, ისე დღესაც ძალიან
ბევრი ბურთი გავუშვით, ეს რა თქმა უნდა მოწინააღმდეგის დამსახურებაცაა, თუმცა მთავარი
მაინც ჩვენი ცუდი თამაში იყო. ვულოცავ მეტოქეს, 2:0 უკვე სერიოზული ჰანდიკაპია, მაგრამ
ვეცდებით ბათუმში ბევრად უკეთესად ვითამაშოთ და ვფიქრობ, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა
იქნება.

ნიკა რამიშვილი(ბათუმი):
დავეთანხმები მწვრთნელს, რომ გუშინდელთან შედარებით უკეთესად  ვითამაშეთ, თუმცა მეორე თამაშიც წავაგეთ. შევეცდებით,
ბათუმში უფრო კარგად ვიასპარეზოთ. პლეი ოფია და აქ შემთხვევით არ მოვხვედრილვართ, ქუთაისი
დავამარცხეთ სერიაში 3:1. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბათუმში წარმატებას მივაღწიოთ.