შსს-აკადემია ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

შსს-აკადემია ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა გალერეაVIDEO 
სუპერლიგის ფინალური
სერიის მეორე მატჩში „შსს-აკადემიამ“ 27 ქულის სხვაობით გაანადგურა „დინამო“ და სერიაში
2:0 დაწინაურდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ აკადემიელებს ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აშორებთ,
როცა დინამოელებს ტიტულის შესანარჩუნებლად ზედიზედ 3 გამარჯვების მოპოვება მართებთ.

რა მოხდა სერიის
მეორე მატჩში, რატომ დაფიქსირდა ასეთი დიდი სხვაობა? ეს შედეგი არ შეიძლება დაბრალდეს
დინამოელთა ძირითადი მეფარის – ილია ლონდარიძის ტრავმას.ლონდარიძის გამოკლებამ დინამოელთა
თამაშს დაღი დაასვა, თუმცა 1 მოთამაშის გამოკლება გამართული გუნდის თამაშს დიდად ვერ
აზარალებს.

შესაბამისად,
„შსს-აკადემიამ“ სრულყოფილი თამაში ჩაატარა. ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა მეტნაკლებად
თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. სწრაფი გარღვევები
იქნებოდა, შორი სროლები თუ საჯარიმოში პოზიციური თამაში, აკადემიელები ყველა კომპონენტში
ყოჩაღობდნენ.

მესამე მეოთხედი
გახდა გარდამტეხი, რომლის დასრულების შემდეგ აკადემიელთა ლიდერობამ 24 ქულას მიაღწია.
ამის შემდეგ, თამაში ისე ჩამთავრდა, ,,დინამოს’’ მატჩის გადარჩენის შანსი არ მისცემია.
აკადემიელებმა საბოლოოდ 73:46 იმარჯვეს და სერიაში 2:0 ჰანდიკაპი მოიპოვეს. გამარჯვებულთაგან
14 ქულით და 11 პასით საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო. 12 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა
ნიკა მეტრეველმა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. დინამოელთაგან
10-ქულიან ზღვარს ბესო ლეჟავამ გადააბიჯა, რომელმაც 13 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია,
რომ „დინამომ“ მიმდინარე სეზოში თავისი ანტისარეკორდო 46 ქულა დააგროვა.

 მატჩისშემდგომი
პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან მოხარული ვარ, რომ სერიაში 2:0 დავწინაურდით, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ,,დინამოს’’
დღეს არაფერი გამოსდიოდა, დიდი მწუხარება მინდა გამოვთქვა ილია ლონდარიძის ტრავმის
გამო, ამან, რა თქმა უნდა, იქონია გავლენა თამაშზე. ყოველთვის სამწუხაროა მოთამაშის
ტრავმა, მითუმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან დროს. მინდა ილიას გამოჯანმრთელება და მოედანზე
მალე დაბრუნება ვუსურვო. ერთი დღე გვაქვს დასვენებისთვის, ორშაბათს მესამე თამაში გველის.
დარწმუნებული ვარ ,,დინამო’’ სწორ დასკვნებს გამოიტანს და შემდეგ შეხვედრაში სულ სხვა
თამაშს აჩვენებს. ამიტომ ჩვენი მხრივ უნდა მოვემზადოთ, ჯერ არაფერი დასრულებულა. ცუდად
გვაქვს დაცდილი დიდი სხვაობით მოგება, ამის შემდეგ სათანადოდ ვეღარ თამაშობენ ხოლმე
ბიჭები, ამიტომ მაქსიმალურად უნდა განვეწყოთ მობილიზებული თამაშისთვის.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, ვულოცავ კოტეს და მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას. ფაქტია, რომ დღეს
ყველა კომპონენტში და ასპექტში მეტოქე ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა. რთულია თქმა იმის,
თუ რა შანსები გვაქვს, მაგრამ როცა თამაში დარჩენილია და თუნდაც მცირე შანსი არსებობს,
უნდა შევეცადოთ იმ შემადგენლობით, რაც ვიქნებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ისე ვითამაშოთ,
როგორც ვთამაშობდით.

რეზო როგავა(,,შსს აკადემია’’): კარგი თამაში
გამოვიდა, სერიაში 2:0 დავწინაურდით, მაგრამ მთავარი საქმე ორშაბათს იქნება გასაკეთებელი.
,,დინამო’’ გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და რთული თამაში გველის. შევეცდებით
კიდევ უფრო კარგი თამაში ვაჩვენოთ, მობილიზებულები ვიყოთ და მივაღწიოთ იმას, რისთვისაც
მთელი სეზონი ვმუშაობდით.