დასრულდა მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირის პირველი სათამაშო ფანჯარა. პლანეტის პირველობისთვის საკვალიფიკაციო მატჩებს მსოფლიოს ყველა კონტინენტმა უმასპინძლა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპა და საქართველო გვაინტერესებს. ახალი სისტემის თანახმად, მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირი 2 წლის მანძილზე გაგრძელდება. 24 ნოემბერს დაიწყო პირველი ჯგუფური ეტაპი, სადაც გუნდები მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძვიან.
ევროპის საკვალიფიკაციოში შექმნილია 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გავა 3 საუკეთესო. ნაკრებები ჯგუფის 3 მეტოქესთან მიმოსვლით – შინ და სტუმრად ითამაშებენ და ჯამში 6 ტურის შემდეგ გაირკვევა ის საუკეთესო 3 გუნდი, რომელიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.
საქართველო მოხვდა G ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტიასთან ერთად. პირველი ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ფიბა-ს გამოყოფილი აქვს 3 ფანჯარა: ნოემბერში, თებერვალში და ივნის-ივლისის მიჯნაზე. ნოემბერის ფანჯარაში ნაკრებებმა უკვე 2 მატჩი მოილიეს და როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ორივე გასვლითი შეხვედრა დათმო – ჯერ გერმანიაში 24 ნოემბერს და შემდეგ სერბეთში – 27 ნოემბერს.
ვერც საქართველოს და ვერც სხვა ნაკრებების შემადგენლობაში ვერ ითამაშეს იმ კალათბურთელებმა, რომლებიც ნბა-სა და ევროლიგის კლუბებში ასპარეზობენ. პლუს ამას, ტრავმების გამო ჩვენს ნაკრებს აკლდა ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე. საქართველოს ნაკრებს დარჩენილ 4 შეხვედრაში მინიმუმ 2 მოგება მართებს, ჯგუფიდან რომ გავიდეს, თუმცა როგორც გასულმა მატჩებმა გვიჩვენა, ქართველებს შესწევთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი და დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური შედეგის მიღწევას იმედიანად უყურებენ.
ჩვენს ჯგუფში 2-2 მოგებით ლიდერები სერბეთი და გერმანია არიან, ხოლო ავსტრიასა და საქართველოს 2-2 წაგება აქვთ. თებერვლის ფანჯარაში საქართველო ჯერ 23 რიცხვში ავსტრიაში ითამაშებს, ხოლო 2 დღეში თბილისში გერმანიას უმასპინძლებს. პირველი ეტაპის ბოლო ფანჯრის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი 2018 წლის 29 ივნისს სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიას.
მეორე ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე. ცნობილია, რომ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდის მეტოქეები მომდევნო ეტაპზე იქნებიან H ჯგუფის (საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი) წარმატებული ნაკრებები იქნებიან. ერთი ჯგუფიდან გასულ გუნდებს ერთმანეთში დაფიქსირებული შედეგები მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ და ეთამაშებიან მხოლოდ სხვა ჯგუფიდან გამოსულ 3 ნაკრებს. ანუ შეიქმნება 6-გუნდიანი ჯგუფები, თუმცა როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპზე ნაკრებებს მოუწევთ 6 მატჩის გამართვა.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზურებს ამ 6-გუნდიანი ჯგუფების 3-3 საუკეთესო მიიღებს.