საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაც გაანადგურა და პლეი ოფში ნაადრევად გავიდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაც გაანადგურა და პლეი ოფში ნაადრევად გავიდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეტოქეებს აღარ ინდობს. საწყის მატჩში მონტენეგროსთან წაგების შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ზედიზედ მეორე, ოპონენტისთვის გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა გუშინწინ მაკედონიას 24 ქულით სძლიეს, დღეს კი პორტუგალიას 27 ქულით აჯობეს და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩერქეზიშვილის გუნდმა ქართული ნაკრებების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. საქმე ეხება ერთ კონკრეტულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ქართველებმა მეტოქეს მხოლოდ 1 ქულა ჩააგდებინეს, თავად კი 29 მიითვალეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს.

არადა, პორტუგალიამ თამაში შედეგიანად დაიწყო და სადებიუტო წუთებში ლიდერობაც მოიპოვა. ლუზიტანიელებმა პირველი პერიოდი 17:13 მოიგეს, მაგრამ მეორე პერიოდიდან ქართველებმა არნახულად ზუსტი, გამართული და შედეგიანი თამაში აჩვენეს. გუნდური მოქმედებით საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 10-წუთეული 29:1 მოუგო და 4-ქულიანი ჩამორჩენა 24-ქულიან ლიდერობად აქცია. აქ კი ყველაფერი გაირკვა. ასეთი გამანადგურებელი 10-წუთეულის შემდეგ პორტუგალიელები გონზე რომ ვერ მოვიდოდნენ, ცხადი იყო და ეს არც მომხდარა. საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და საბოლოოდ 82:55 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. წინა ხაზში, ფარქვეშ, პორტუგალიელებს გიორგი ტურძილაძე და ვილი ისიანი ჩაგრავდნენ, პერიმეტრიდან კი მეტოქის რისხვას დავით ლომიძე წარმოადგენდა, რომელსაც ხელს გიორგი ქავთარაძე აშველებდა. ლუკა გიორგაძე ფარზეც მუშაობდა და მეტოქეს პერიმეტრიდანაც ემუქრებოდა. მან 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც მატჩის ბომბარდირმა დავით ლომიძემ 6 სამიანი მიაბა. ლომიძის ანგარიშზე საბოლოოდ 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. ორმაგი დუბლით – 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით გამოირჩა ვილი ისიანი, გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე კი 13 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან მასხულიამ.

საქართველოს ნაკრებს 3 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვს და დარჩა მატჩი ყველა წაგების მქონე აუტსაიდერ სომხეთთან. თუმცა ამ მატჩს მნიშვნელობა დაკარგული აქვს. საქართველოს ნაკრები წაგების შემთხვევაშიც გადის მეორე ადგილზე.  საქართველოსა და სომხეთის უმოტიბაციო მატჩი ხვალ, 20 ივლისს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრებს B ჯგუფის გამარჯვებული, დიდი ალბათობით, პოლონეთი შეხვდება.

ევროპის U20 ჩემპიონატი. B დივიზიონი. ხალკიდა, საბერძნეთიპორტუგალია 55:82 საქართველო17:13, 1:29, 15:21, 22:19სრული სტატისტიკა: 55:82