საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ნახევარფინალი გაინაღდა

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ნახევარფინალი გაინაღდა

 გალერეა
 სტატისტიკა LIVE!

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ნახევარფინალში
თამაში გაინაღდა. გასარკვევი ის დარჩა, „ბ“ ჯგუფის რომელ ადგილიდან გავა საქართველო
პლეი ოფში – პირველიდან, თუ მეორედან. ეს ამბავი ხვალ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში
– საქართველოსა და მალტას მატჩის შემდეგ გადაწყდება. გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს
დაიკავებს და ნახევარფინალში „ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანს – სავარაუდოდ, ანდორას შეხვდება.

ქართველებმა და მალტელებმა დღეს მორიგი გამარჯვებები
მოიპოვეს და ჯგუფის დარჩენილი 2 გუნდისთვის – კოსოვოსა და გიბრალტარისთვის მიუწვდომელნი
გახდნენ. მალტამ კოსოვოს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე – 53:47 აჯობა. ამ
მატჩამდე მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი გაიმართა. ანდორა უელსს დაუპირისპირდა და
შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ უელსს მოკრძალებული ამბიციების გუნდი ჰყავს.
ანდორელებმა, რომლებმაც პირველ ტურში სომხეთთან უშანსოდ წააგეს, უელსს პირველი პერიოდი
23:6 მოიგო, ხოლო დიდ შესვენებამდე უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდა. ანდორელებს უკანახაზელი
ბუენო ბერნარდი ლიდერობდა, რომელმაც საბოლოოდ 18 ქულა დააგროვა და ბომბარდირი გახდა.

მატჩის ბედი საბოლოოდ მესამე პერიოდის ბოლოს გადაწყდა,
როცა ანდორას უპირატესობამ 32 ქულას მიაღწია. საბოლოოდ ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარზე
მდებარე ამ პატარა სახელმწიფომ 72:23 გაიმარჯვა და ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა.
„ა“ ჯგუფში სათამაშო ერთი მატჩი დარჩა – სომხეთი უელსს ხვდება და თუ დიდი ანგარიშით
არ წააგო, არაფერი არ შეიცვლება – ანუ ჯგუფიდან სომხეთი და ანდორა გავლენ.
დღის ბოლო შეხვედრაში ქართველებმა დამაჯერებელი გამარჯვება
მოიპოვეს. ლელა ცანავას გაწვრთნილი გუნდის მეტოქე გიბრალტარი გახლდათ და შეხვედრა მასპინძელთა
გაქცევით – 20:0 დაიწყეს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიბრალტარელებს წაგება არ
ასცდებოდათ, მხოლოდ ის იყო საინტერესო, რა სხვაობით დასრულდებოდა მატჩი.
ქართველთა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები პერიოდულად დაასვენა,
რადგან ხვალინდელი, მალტასთან გასამართი მატჩი ბევრად მნიშვნელოვანია. საბოლოოდ ქართველებმა
62 ქულის სხვაობით – 92:30 იმარჯვეს. 21 ქულით ბომბარდირი ელენე ილურიძე გახდა. 20
ქულა მიითვალა ვიქტორია ილურიძემ, ნატალია ოთხმეზურის ანგარიშზე კი 17 ქულა და 8 პასი
დაგროვდა.

ხვალ, 10 ივლისს, სპორტის ახალ სასახლეში ჯგუფური ეტაპის
ბოლო 3 მატჩი გაიმართება. უელსი სომხეთს (14:30) დაუპირისპირდება, გიბრალტარი – კოსოვოს
(17:00), ხოლო საქართველო – მალტას (19:30).

ანდორა – უელსი 72:23

ჯეიმს მორგანსი
(უელსი,  მთავარი მწვრთნელი): თავიდან ცოტათი ნელი ტემპით დავიწყეთ,
ანდორა კი საპირისპიროდ, ძალიან სწრაფი გუნდი აღმოჩნდა და მათზე მოგვიწია თამაშის ტემპის
აწყობა. საკმაოდ აგრესიული სტილი ჰქონდათ და მგონია რომ ცოტათი გაუჭირდათ გოგონებს.
ამასთან დღეს პირველი თამაში გვქონდა და  ვნერვიულობდით.

ემილი სტრედლინგი
(უელსის მოთამაშე): თავიდან გოგონები ისეთი მოტივაციით გამოვედით რომ მოგვეგო
ეს თამაში, თუმცა მიუხედავად აგრესიული სტილისა, ბევრი დაკარგვა გვქონდა და ამან გამაპირობა
დღევანდელი მარცხი.

 კარლა საავედრა
(ანდორა, მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ  კარგი თამაში იყო. როგორც უელსის მწვრთნელმა აღნიშნა,  ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან პირველი თამაში ჰქონდათ დღეს. ჩვენ ეს სტრესი გუშინ გამოვიარეთ,
ამიტომაც დღეს უფრო გაგვიადვილდა კონცენტრაცია. აქცენტი პრესინგზე გავაკეთეთ და გამოგვივიდა კიდეც. გოგონები მაქიმალურად მობილიზებულნი იყვნენ.

კლაუდია საენსი
(ანდორას მოთამაშე): ძალიან გვინდოდა ეს თამაში მოგვეგო, იმიტომ რომ გუშინ
რთული თამაში გვქონდა და დამწუხრებულები გავედით მოედნიდან. თითოეულმა მოთამაშემ თავისი
მაქსიმუმი გააკეთა დღევანდელ თამაშში და ვფიქრობ ეს იყო ჩვენი მთავარი მამოძრავებელი
ძალა. 

კოსოვო – მალტა 47:53

კრის დიალი (კოსოვო, მთავარი მწვრთნელი): საინტერესო თამაში იყო, ნამდვილი შეჯიბრი შედგა. მალტამ ნამდვილად კარგად ითამაშა. იძულებულს გვხდიდნენ
მოუხერხებელი პოზიციებიდან გვესროლა, ჩვენმა გოგონებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მოწინააღმდეგემ
დაცვაში გვაჯობა.

აულონა მუჰარდი
(კოსოვოს მოთამაშე): ვფიქრობ კარგი თამაში იყო. ორივეს კარგი გუნდი გვყავს
და შანსები ვფიქრობ თანაბარი იყო. ორივე გუნდმა მთელი გული ჩადო ამ თამაშში და ბოლომდე
იბრძოლა.

ვინიფრედ ბუჰაგიარი
(მალტა, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): როგორც კოსოვოს
მწვრთნელმა აღნიშნა, დაძაბული მატჩი გამოვიდა. მეტოქემ კარგი თამაში
აჩვენა. გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო. გოგონებმა თავდადებით ითამაშეს. ჩვენი მთავარი მეტოქე
საქართველოს ნაკრებია, რომელსაც ხვალ დავუპირისპირდებით. ნამდვილად რთული იქნება მათთან
თამაში, მაგრამ ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათაც არ გაუადვილდეთ ჩვენს წინააღმდეგ
ასპარეზობა.

ჰანა ალ ტუმი
(მალტას მოთამაშე): ორივე გუნდის თამაში მომეწონა. ვეცადეთ და ბოლომდე
დავიხარჯეთ 100 პროცენტით. მთელი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით.

გიბრალტარი – საქართველო 30:92

კიარა სენე (გიბრალტარი, მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ უხეში თამაში გამოვიდა, მეტოქე დიდი ანგარიშით
გვიგებდა, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ბოლომდე ითამაშა პრესინგი.
 ანაბელა დე ლა ჩიკა (გიბრალტარის მოთამაშე): დავეთანხმები მწვრთნელს რომ უხეში თამაში გამოვიდა.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია გადავხედოთ ჩვენს შეცდომებს, გავაანალიზოთ ისინი და მომავალში
აღარ გავიმეოროთ.
ლელა ცანავა
(საქართველო, მთავარი მწვრთნელი): კიდევ ერთხელ
დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დაგვიჭირა, მადლობა ყველა გულშემატკივარს და ჩვენს
გოგონებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. ვემზადებით მალტასთან დაპირისპირებისთვის. გოგონები შემართებით არიან, ფიზიკურად გუნდი თავს კარგად გრძნობს და
ვიბრძოლებთ ბოლომდე.

თეონა მაჩალაძე
(საქართველოს მოთამაშე): მადლობა გულშემატკივრობისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტუმულის
მომცემია. გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ გამოვასწორეთ. უხეში თამაში იყო, თუმცა ეს სპორტია და ასეთი რამ ხშირად ხდება.