შედეგები გალერეარეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სუპერლიგის
გათამაშება საკვალიფიკაციო ეტაპით განახლდა. პლეი ოფს მიღმა დარჩენილმა ოთხმა გუნდმა
ლიგაში დასარჩენად ბრძოლა დაიწყო. „სოხუმი“, „ბათუმი“, „მგზავრები“ და „ოლიმპი“ ერთმანეთში
დამატებით ორ წრედ ითამაშებენ და ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდი „ა“ ლიგაში დაქვეითდება.
დღეს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ: თბილისის ოლიმპიურ
სასახლეში „სოხუმმა“ „მგზავრებს უმასპინძლა, ხოლო ბათუმში ადგილობრივი გუნდი „ოლიმპს“
დაუპირისპირდა. ორივე შეხვედრაში სოლიდური სხვაობა დაფიქსირდა. „სოხუმმა“ „მგზავრებს“
31 ქულით – 96:65 მოუგო, ბათუმელებმა კი „ოლიმპს“ 93:78 სძლიეს.
სოხუმელებმა დუეინ ლათანის ლიდერობით მატჩის ბედი ფაქტობრივად
პირველ ნახევარში გადაწყვიტეს, რომელიც 25 ქულით მოიგეს. საბოლოოდ მატჩი ისე დასრულდა,
ვითარება არ დაძაბულა. სოხუმელებს 30 ქულით ამერიკელმა ლათანმა ულიდერა. 18 ქულა მიითვალა
მერაბ ბოქოლიშვილმა, უკრაინელ ალექსანდრ ტიშჩენკოს ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნა
დაგროვდა. „მგზავრებში“ 20 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დერნელ ტეილორი.
ბათუმში შედარებით მეტო დაძაბულობა იყო. მასპინძლებმა
პირველი პერიოდი 31:17 მოიგეს, თუმცა მეორე მეოთხედში „ოლიმპმა“ თამაში გამოასწორა
და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩნა 2 ქულამდე შეამცირა. სტუმრებმა მეტის გაკეთება ვეღარ
შეძლეს. მეამე და მეოთხე პერიოდები „ბათუმმა“ შესაბამისად 23:16 და 23:20 მოიგო და
საბოლოოდ 15-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.
მასპინძელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ილია შემოსიუკი.
19 ქულა მოაგროვა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ბესო ლეჟავა 16 ქულითა და 12 პასით გამოირჩა.
„ოლიმპში“ 24 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ტრე ბურნეთი.
დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით „სოხუმი“ 2 ქულით
მოსწყდა მდევარს და პირველ პოზიციაზეა. შემდეგ მოდიან „ბათუმი“ და „მგზავრები თანაბარი
ქულებით, „ოლიმპი“ კი ამ ორეულს 1 ქულით ჩამორჩება.
მორიგი მატჩები 7 მაისს გაიმართება.