სუპერლიგის მე-10
ტური დღეს ბათუმში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა რსუ-ბათუმმა ,,რუსთავს“ უმასპინძლა
და 73:82 დათმო შეხვედრა.
თავდაპირველად მატჩი
,,ზღვისპირელთა“ უპირატესობით წარიმართა, რომლებიც საწყისს ათწუთეულში 27:23 დაწინაურდნენ,
ხოლო ტაიმის ბოლოს 49:38 გავიდნენ წინ. სულ
სხვაგვარად წარიმართა შეხვედრის მეორე ნახევარი. მესამე მეოთხედის მიწურულს ,,ქვემოქართლელებმა“
სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს – 57:62, ხოლო დასკვნითი მეოთხედის მე-5 წუთზე საყაიმო
ანგარიში 64:64 დააფიქსირეს. ,,რუსთავმა“ გადამწყვეტ
პერიოდში ჩინებული თამაშის წყალობით დაწინაურებაც მოახერხა და 2 ქულით დაწინაურდნენ
– 66:64. მოპოვებული უპირატესობა რუსთაველებმა კიდევ უფრო გაზარდეს და შეხვედრის დასრულებამდე
1:19 წუთით ადრე 10 ქულით გავიდნენ წინ 77:67. დარჩენილ დროში ბათუმელები მეტოქესთან
ვერაფერს გახდნენ და მარცხი განიცადეს, რუსთავალებმა
კი მიმდინარე სეზონში რიგით მე-3 გამარჯვება იზეიმეს.
მასპინძელთა რიგებში ორმაგი დუბლით თავი ლაშა კეშელავამ
და ავთანდილ ელიაშვილმა გამოიჩინეს. კეშელავამ 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო
ელიაშვილის ანგარიშზე 13 ქულა და 15 მოხსნაა. ,,რუსთავს“ 23 ქულით რატი ბააკაშვილმა ულიდერა, ხოლო
16 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი ლევან ხმელიძემ შეასრულა.
მატჩის დასრულების შემდგომ ,,რუსთავის“ მთავარი მწვრთნელის
ასისიტენტმა ბადრი კიკვიძემ და ,,ბათუმის“
მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
ბადრი კიკვიძე
(რუსთავის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): მეორე ნახევარში ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს
და მატჩში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს. დაცვაში კარგად გავისარჯეთ, ბევრად მეტი შეტევა განვახორციელეთ და შორეული ტყორცნებიც
კარგად წაგვივიდა. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა გამარჯვება მოგვიტანა. ჩვენს გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს და არც ფსიქოლოგიური
წნეხის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად გუნდი ბევრად გახსნილად და თავისუფლად თამაშობს,
რაც ბოლო დროს ჩემპიონატში რუსთავის წარმატებულად გამოსვლას განაპირობებს.
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): დღეს სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. შემადგენლობის
მხრივ ისევ პრობლემები გვაქვს. ლევან ელიაძეს ფეხის ტრავმა აწუხებს, ხოლო ირაკლი მიქელაძე
ავადმყოფობის გამო საერთოდ უვარჯიშებელი იყო. მეორე ტაიმში ბიჭების გადაღლილობამ გუნდი წაგებამდე
მიიყვანა.