სტატისტიკაგალერეამე-5 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში
გვერდი-გვერდ მყოფი გუნდები შეხვდნენ. „მგზავრებს“ და „რუსთავს“ მიმდინარე ჩემპიონატში
თითო მოგება ჰქონდათ და დაკარგული ქულების მიხედვით მხოლოდ „აკადემიას“ უსწრებდნენ.
ამიტომაც, აღნიშნულ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
მატჩი ისეთი გამოვიდა, რომ არც დაძაბული ეთქმოდა და
არც უინტერესო. რუსთაველებმა მატჩის პირველივე წუთზე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მეტოქე
ვეღარ დაეწია. შედარებით დაძაბული პირველი და ბოლო მეოთხედი გამოდგა – ჯერ სანამ რუსთაველები
ხელჩასაჭიდ უპირატესობას მოიპოვებდნენ, ხოლო შემდეგ, როცა „მგზავრებმა“ ჩამორჩენა
4 ქულამდე შეამცირეს (68:72).
მატჩის შუაწელში რუსთაველები დამაჯერებლად ლიდერობდნენ.
სერბი ლეგიონერის – ნიკოლა გაჩეშას შედეგიანობის ხარჯზე ქვემო ქართლურმა გუნდმა ლიდერობა
იოლად მოიპოვა. სერბს მხარს კარგად უბამდნენ გიორგი გამყრელიძე, მიხეილ ჭოჭუა, ბექა
წივწივაძე და ამერიკელი კაილ ტურპინი. ამ მოთამაშეებისა და ზოგადად, გუნდური თამაშის
წყალობით „რუსთავი“ ბოლო მეოთხედამდე ხელჩასაჭიდი ლიდერობით მივიდა.
„მგზავრები“ ბევრით არ რჩებოდნენ, ჩამორჩენას ხან ამცირებდნენ,
ხანაც რუსთაველების ლიდერობა 10 ქულას აჭარბებდა. მატჩის დასრულებამდე 3,30 წუთით ადრე
რაშად რენსომის გარღვევის შემდეგ თბილისელები მეტოქეს 4 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა
გაჩეშას მიჯრით მითვლილი 5 ქულის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა რუსთაველთა სასარგებლოდ
გადაწყდა.
საბოლოოდ სტუმრებმა 85:76 იმარჯვეს და 2 მოგების წილ
3 მარცხი აქვთ. 26 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა გაჩეშა, 13 ქულა და
16 მოხსნა ჰქონდა კაილ ტურპინს, ხოლო გამყრელიძეს სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა
– 10 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ანატოლი ბერიშვილი, „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:
– წაგების მიზეზი გამოუცდელობა და იმ მომენტების გამოუყენლობაა,
რაც თამაშის დროს გვეძლევა. ამასთან ერთად, გამოგვაკლდა ლაშა ფარღალავა, ხოლო 1 ლეგიონერი
ტრავმირებული გვყავს. თუმცა სეზონი წინაა და ვფიქრობ, ამ პრობლემებს აღმოვფხვრით.
მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
– მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, თუმცა ისიც სათქმელია,
რომ ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა მესამე-მეოთხე პერიოდებში, რაც მისახედი და გამოსასწორებელია.
მთელი სეზონი წინაა და გვაქვს დრო, რომ თამაში დავხვეწოთ. ჩემპიონატში საკმაოდ ძლიერი
გუნდები არიან, ისინიც, ცხადია, გააუმჯობესებენ თამაშს და ვფიქრობ, საინტერესო მატჩები
გველის. ჩვენი მიზანია, ღირსეულად წარმოვჩინდეთ ამ თამაშებში.