წარმატებით დაიწყო სუპერლიგის მეორე წრე „რუსთავმა“.
ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა გუნდმა აუტსაიდერ სტუ-ს უმასპინძლა.
ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდი სუპერლიგაში ერთადერთია, რომელსაც გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია.
ტექნიკოსებმა წარმატების მიღწევა ვერც რუსთავში მოახერხეს.
მასპინძლებმა თამაშზე კონტროლი თავიდანვე დააწესეს და პირველი მეოთხედის 17 ქულით მოგების
შემდეგ მატჩის ბედი თითქმის გადაწყვიტეს. დიდი შესვენებისთვის რუსთაველები 23 ქულით
დაწინაურდნენ, ხოლო გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე მიხეილ ბერუაშვილის გუნდი მთელი
34 ქულით იგებდა.
მასპინძლებმა წარმატების მიღწევა გუნდური თამაშით მოახერხეს.
სასტარტოებთან ერთად აქტიურობდნენ სათადარიგოებიც, რომელთაგან მალხაზ აბაიშვილი,
12 შედეგიანი გადაცემის რუსთაველი გამთამაშებელია გამოსარჩევი. საუკეთესო კი ამერიკელი კაილ ნელსონი გახლდათ, რომელმაც
19 ქულასთან ერთად 11 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა ჰქონდა რუსთაველთა კიდევ ერთ ამერიკელ
ნეით ბოუის. ქართველებში საუკეთესო შედეგი 18 ქულითა და 10 მოხსნით ლევან ხმელიძემ
დააფიქსირა.
ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში 10-ქულიან ზღვარს ვერც
ერთმა კალათბურთელმა ვერ მიაღწია. 9-9 ქულა დააგროვეს გიორგი კუჭავამ და ირაკლი ძიძიგურმა,
ზურა მაჩალაძემ კი 6 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
სუპერლიგის მე-12 ტურის დარჩენილი 3 მატჩი ოთხშაბათს,
6 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი ტეტელაშვილი, სტუ-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:
მივულოცავ რუსთაველებს დამსახურებულ გამარჯვებას. შედეგი
ლოგიკურია, რადგან მასპინძლებს შედარებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. ჩვენმა გუნდმა
ვერ ითამაშა სათანადო დონეზე, რაც უვარჯიშებლობის ბრალია. პირველი წრის შემდეგ გამოცხადებული
დასვენების პერიოდში გუნდი კარგად ვერ მოემზადა და წაგებაც ამის ბრალია. ვეცდებით,
ნელ-ნელა მოვუმატოთ, ფორმაში შევიდეთ და მომდევნო მატჩებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
კარგად ვითამაშეთ. ვერავის გამოვარჩევ, რადგან გუნდის
ყველა წევრმა მაქსიმუმი გაიღო გამარჯვებისთვის და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ. ბოლო პერიოდში
თავის გამოჩენის შესაძლებლობა სათადარიგოებსაც მივეცი და მათაც გაამართლეს. კარგია,
რომ მეორე წრე გამარჯვებით დავიწყეთ. მთავარი ბრძოლები წინ გველის.
რუსთავი – სტუ 112:70
ბათუმი – შსს აკადემია 56:89