სტატისტიკა
რუსთავში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ქვემოქართლურმა
გუნდმა, რომელსაც სუპერლიგის პირველ წრეში მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა და 2 კვირის წინ
ლიდერმა სერგო ათუაშვილმა დატოვა, პირველ ადგილზე მყოფი “ქუთაისი” დაამარცხა.
ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა
– ქუთაისელებს არ ეტყობოდათ, რომ სუპერლიგის ლიდერთა შორის არიან – მეორე ტაიმი იმერულმა
გუნდმა მთლიანად ჩააგდო და ქუთაისში დამარცხებული გაბრუნდა.
არადა, მატჩი ისე დაიწყო, როგორც ქუთაისელებს სურდათ.
პირველივე მეოთხედში ფავორიტად მიჩნეულმა სტუმრებმა 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს
– დავით ბარბაქაძისა და ზაურ ფაშაევის შედეგიანობით “ქუთაისი” დამაჯერებლად
დაწინაურდა. პირველი პერიოდი სტუმართა 10-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, მეორეში კი
რუსთაველებმა თამაშის გამოსწორება დაიწყეს.
სანამ მასპინძლები თამაშს დაალაგებდნენ, მეორე მეოთხედი
გავიდა და დიდ შესვენებაზე სტუმრები კვლავ 10 ქულით – 45:35 ლიდერობდნენ. შესვენების
შემდეგ მასპინძლები ისე ათამაშდნენ, ქუთაისელებმა მათ ვერაფერი დაუპირისპირეს. აკაკი
დვალიშვილი გიორგი ყველაშვილმა გაანეიტრალა, უკანა ხაზში კი ცეკვავას და ფაშაევს სისწრაფეშიც
და სიზუსტეშიც სჯაბნიდნენ რუსთაველი უკანახაზელები – ლევან ხმელიძე, ქაქუცა აბაიშვილი,
ზურა მაჭავარიანი და რევაზ ჩაჩანიძე.
შესანიშნავად ჩაერთო თამაშში ახალგაზრდა ჯაბა არაბული,
რომელმაც იმ სპურტის დროს, როცა რუსთაველებმა ანგარიში გაათანაბრეს და დაწინაურდნენ,
უმნიშვნელოვანესი 6 ქულა ჩააგდო. მესამე პერიოდი მასპინძლებმა 30:10 ისე მოიგეს, სტუმართა
მწვრთნელთა შტაბს წუთშესვენება არ აუღია. ის კი არა, მეორე ტაიმში ქუთათურებმა პირველი
და უკანასკნელი წუთშესვენება თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე აიღეს, როცა მატჩის
ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.
მეოთხე პერიოდის წინ რუსთაველები 65:55 იგებდნენ. ქუთაისელებმა
სცადეს ვითარების გამოსწორება, მაგრამ ფარქვეშ დვალიშვილი ყველაშვილმა შებოჭა და მას
პერსონალურები აჰკიდა. დვალიშვილი საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მოედნიდან გავარდა
და ყველაშვილი ფარქვეშ კიდევ უფრო გაბატონდა, უკანახაზში კი მაჭავარიანმა, ჩაჩანიძემ,
აბაიშვილმა და ხმელიძემ პოზიციები არ დათმეს და “რუსთავი” ისე მივიდა გამარჯვებამდე,
ვითარება არ დაძაბულა – 87:81.
“რუსთავის”
გამარჯვებაში 23-ქულიანი წილი დაიდო ლევან ხმელიძემ, რომელსაც 7 მოხსნა და 6 პასიც
დაუგროვდა. 14 ქულა, 12 მოხსნადა 6 პასი გიორგი ყველაშვილმა მიითვალა, 18 ქულა ჰქონდა
რევაზ ჩაჩანიძეს, ხოლო ზურა მაჭავარიანმა რუსთაველებს 13 ქულა შესძინა.
ქუთაისელთა შორის 24 ქულით დავით ბარბაქაძე გამოირჩა,
ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. აზერბაიჯანელმა ზაურ
ფაშაევმა იმერულ კლუბს 16 ქულა მიაშველა.
სუპერლიგის ამ ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, სპორტის
სასახლეში გაიმართება.
ოთარ ხმელიძე,
რუსთავის მთავარი მწვრთნელი:
რთული და დაძაბული შეხვედრა იყო. ჩვენმა გუნდმა კარგად
ითამაშა, ყველამ, ვინც მოედანზე გავიდა, ზუსტად შეასრულა მიცემული დავალება. შესაბამისად,
დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეს მოგება კარგი სტიმული იქნება ჩვენი გუნდისთვის, რომელიც
პირველ წრესთან შედარებით მნიშვნელოვნად დასუსტდა. გუნდიდან წავიდნენ სერგო ათუაშვილი
და ირაკლი ალხანაიძე. ვულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს ამ დიდ გამარჯვებას.
“ქუთაისი” ხომ სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მისი დამარცხება
უბრალო ამბავი როდია.
ქუთაისის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ასისტენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. სამწუხაროდ, მათ ტელეფონის მეშვეობითაც ვერ დავუკავშირდით.