სტატისტიკაგუშინ რეგიონებში დაწყებული სუპერლიგის მეორე ტური დღეს
თბილისის სპორტის სასახლეში განახლდა. დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. „რუსთავმა“
დიდი ანგარიშით – 88:65 დაამარცხა „დინამო“.
ამ გუნდების პირველ ტურში ნაჩვენებ შედეგებს თუ გადავხედავთ,
რუსთაველების ასე იოლი გამარჯვება შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს. ქვემოქართლელები წინა
ტურში „სოხუმთან“ უიმედოდ დამარცხდნენ, ხოლო „დინამომ“ „ბათუმს“ იოლად სძლია. აქედან
გამომდინარე, 23-ქულიანი სხვაობა ამ ერთი შეხედვით თანაბარი გუნდების მატჩისთვის საკმაოდ
ბევრია.
„დინამოს“, რომელმაც ამერიკელი ებრიუ მაკალპი დაიმატა,
ტრავმების გამო 2 ლიდერი – მიხეილ ბერიშვილი და ნოდარ გოგოძე აკლდა. სოლიდური დანაკლისი
ჰქონდათ რუსთაველებსაც, რომლებსაც ფეხის ტრავმის გამო გიორგი გამყრელიძე ვერ ეხმარებოდა.
ქვემოქართლელების ახალწვეული ბექა წივწივაძე კი განაცხადში არ იყო.
მატჩი თანაბარი ბრძოლით დაიწყო, თუმცა „დინამომ“ პირველი
მეოთხედის მოგება მაინც მოახერხა – 22:17. მეორე ათწუთეულში რუსთაველებმა თამაშში გარდატეხა
შეიტანეს და პერიოდი 31:13 მოიგეს, რის შედეგადაც დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით
გავიდნენ. რუსთაველები კარგად ირჯებოდნენ დაცვაში. გამყრელიძის არყოფნა გუნდს თორნიკე
ქიტოშვილმა არ აგრძნობინა, რომელიც უკანა ხაზში ქაქუცა აბაიშვილთან ერთად კარგად ირჯებოდა.
შეტევაში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ რუსთაველთა ლეგიონერები – ამერიკელი კაელ ტურპინი
და ნიკოლა გაჩესა.
გაჩესა საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
და კომპანია „პრაიმ სპორტ მენეჯმენტის“ მიერ დაწესებული „ნაიკის“ ფირმის სპორტული ფეხსაცმელი
ამ კომპანიის პრეზიდენტისგან – ზურაბ ბოქოლიშვილისგან ჩაიბარა. სერბმა ლეგიონერმა
28 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. რუსთაველთა
მეორე ლეგიონერმა 14 ქულა, 12 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა – ტურპინი ფარქვეშ შეუჩერებელი
გახლდათ. 12-12 ქულა მოაგროვეს მიხეილ ჭოჭუამ და რევაზ ჩაჩანიძემ. „დინამოში“ 15 ქულით
ბომბარდირი მაკალპი გახდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია,
დინამოს მთავარი მწვრთნელი:
– თავიდანვე გაგვექცა თამაში, მიდიოდა რუსთაველთა უპირატესობით,
ჩვენ კი მდევრის როლში ვიყავით. გამოჩნდა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს როგორც დაცვაში,
ისე შეტევაში. რთულია მწვრთნელისთვის ამის აღიარება, თუმცა ბოლოს უკვე წაგებული იყო
მატჩი და შანსი მივეცი ახალგაზრდა მოთამაშეებს, რათა დავანახო, თუ რა შეუძლიათ, რაში
აქვთ მოსამატებელი და რამდენი უკლიათ ჩამოყალიბებულ მოთამაშემდე. უნდა დავჯდეთ, გავაანალიზოთ
შეცდომები, იმედია, ტრავმირებული მოთამაშეებიც შემოგვიერთდებიან და ვაჩვენებთ სასურველ
თამაშს.
მიხეილ ბერუაშვილი,
რუსთავის მთავარი მწვრთნელი:
– პირველ რიგში ჩვენს გუნდს ვულოცავ გამარჯვებას. პირველი
წარუმატებელი თამაშის მერე მოვნახეთ საკუთარ თავში ძალები, კარგად გავაანალიზეთ დაშვებული
შეცდომები, რაც მოედანზე გადაიტანეს ბიჭებმა და მნიშვნელოვან გამარჯვებასაც მივაღწიეთ.
სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, რთულია ფავორიტების გამოყოფა, ჯერჯერობით ისეა, რომ ვინ
ვის მოუგებს, ვერ გაიგებ. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ვცდილობთ წინ წავიდეთ. მომავალ
ტურში ახალწვეული ბექა წივწივაძეც გვეყოლება და ვნახოთ, იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ.