გალერეა
ფოტო: ქუთაისის პრეს-სამსახური
დღეს საინტერესო მატჩებით დაიწყო სუპერლიგის მორიგი,
მე-5 ტური. რუსთავსა და ქუთაისში დაძაბული მატჩები გაიმართა. ქვემო ქართლში სათამაშოდ
ამერიკელი ბიჯეი იანგით გაძლიერებული „ბათუმი“ ჩავიდა და და მარცხი იწვნია, მოქმედი
ჩემპიონი „დინამო“ კი იმერეთს ესტუმრა და სუპერლიგის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდის
სტატუსი შეინარჩუნა.
რუსთავში ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. მაყურებელმა
სრულიად განსხვავებული 2 ტაიმი იხილა. პირველში ბათუმელები დომინირებდნენდა დიდი შესვენების
შემდეგ სოლიდურდც იგებდნენ, მეორეში კი, მასპინძლებმა იძალეს და თითქმის უიმედო მატჩი
შემოატრიალეს.
რამდენადაც კარგად თამაშობს ბათუმელთა ნბა-გამოვლილი
ახალწვეული, იმდენად ცუდად ესვრის საჯარიმოებს – ჯერჯერობით მისი მაჩვენებელი კატასტროფულია.
იანგი 18 ქულით ბათუმელთა ბომბარდირი გახდა, თუმცა ცხრიდან ცხრავე საჯარიმო ააცილა,
რითაც თანაგუნდელები დააღალატა.
სწორედ იანგის, მისი თანამემამულე ნიკ კელოგისა და ირაკლი
მიქელაძის სწრაფი თამაშის წყალობით დაწინაურდნენ ბათუმელები პირველი ტაიმის შემდეგ
12 ქულით და მესამეშიც არა უშავდათ. ბოლო მეოთხედის წინ სტუმრები 9 ქულით აგებდნენ.
ბოლო პერიოდში მასპინძლებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს ბათუმელები და მიმდინარე სეზონში
მე-4 გამარჯვება მოიპოვეს.
რუსთაველებმა გამარჯვება შესანიშნავი დაცვისა და თავდასხმაში
ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე მოიგეს. თითოეული მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა გამორჩეული
აღნიშვნის ღირსია აკაკი დვალიშვილის, გოგა ცეკვავას, მიხეილ ჭოჭუას შედეგიანობა. უაღრესად
საჭირო გარღვევა და მას მოყოლილი საჯარიმო ჩააგდეს ქაქუცა აბაიშვილმა და გიორგი ყველაშვილმა.
ბათუმელები ბოლო 5-წუთეულში გაწყდნენ და თამაში ისე დათმეს, ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს დვალიშვილმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა
და 20 მოხსნა მოაგროვა. 22 ქულ მიითვალა ცეკვავამ, ხოლო მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 16
ქულ და 5 პასი დაგროვდა. „ბათუმში“ უნივერსალიზმით გამოირჩა ნიკ კელოგი – 15 ქულა,
8 მოხსნა, 6 პსი, 5 ჩაჭრა. იანგმა 18 ქულა ჩააგდო, ნოდარ თენიეშვილმა კი თავი 12 ქულას
მოუყარა.
ქუთაისში გამართული მატჩის პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა,
თუმცა მეორეში მოქმედმა ჩემპიონმა ის უპირატესობა მოიპოვა, რითაც გამარჯვებამდე იოლად
მივიდა. პირველი მეოთხედის 5 ქულით წაგების შემდეგ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა
ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 12 ქულით – 68:56 გაიმარჯვეს.
„დინამოს“ 3 ლიდერი ჰყავდა, რომელთა გამორჩევაც ძნელია.
შეტევებს გონივრულად უძღვებოდა ლაშა გამყრელიძე, რომელმაც 14 ქულა და სარეკორდო 15
პასი მიითვალა. გამყრელიძის პასებს ქულებად აქცევდა ბესო ლეჟავა, რომელმაც ბომბარდირობა
(24 ქულა) კვლავ შეითავსა. რიჩარდ მათიაშვილმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა
– 12 ქულა, 21 მოხსნა.
სუპერლიგის მე-5 ტურის დასკვნითი2 მატჩი ხვალ, 22 ნოემბერ,
თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
რუსთავი – ბათუმი 87:76
მიხეილ კობეშავიძე,
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ რუსთაველებს მნიშვნელოვან
გამარჯვებას. კომენტარს ცხელ გულზე ვერ გავაკეთებ, ჩვენმა გუნდმა სამწუხარო თამაში
დათმო. გავაანალიზებთ ყველაფერს და დასკვნებს მერე გამოვიტანთ.
მიხეილ ბერუაშვილი,
(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): დაცვაში ძალიან
კარგად ვითამაშეთ ბოლო პერიდში, რაც არ იყო საწყისი 3 მეოთხედის განმავლობაში. სწორედ
ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით.
„ბათუმი“ ძალიან კარგი გუნდია და მომავალში ალბათ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. ვულოცავ
ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას და იმედი მაქვს, მომავალშიც მივაღწევთ მნიშვნელოვან გამარჯვებებს.
ქუთაისი – დინამო 56:68
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
ქუთაისში თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა მოვიგეთ და ეს ძალიან სასიამოვნოა. რაც მთავარია,
ბიჭებმა შეძლეს დაცვაში იმასთან მიახლოებულად თამაში, რასაც ვითხოვთ და რაზეც 2 თვეა
ვარჯიშებზე ვმუშაობთ. მაქსიმუმი გაიღეს, ბოლომდე იბრძოლეს და გაიმარჯვეს. ეს იყო ის,
რაც ამ ეტაპისთვის შევძელით, გავაგრძელებთ მომზადებას მომავალი თამაშებისთვის. მინდა
ქუთაისელებს მივულოცო ახალი სათამაშო მოედანი და წარმატებები ვუსურვო.
მედეა მხეიძე („ქუთაისის მწვრთნელი“): პირველ რიგში
მივულოცავ „დინამოს“ წარმატებულ ასპარეზობას. ნამდვილად კარგი მატჩი ჩაატარა. დაცვაშიც გვაჯობა
და სასურველ შედეგსაც მიაღწია. რაც შეეხება
ჩვენ გუნდს, ფარქვეშ არ გამოგვივიდა თამაში
და ვერც გარედან ჩავაგდეთ ბურთი, რაც სტატისტიკაშიც კარგად ჩანს. მოედანი ჩვენი უპირატესობა იყო, მაგრამ სამწუხაროდ
ვერ გამოვიყენეთ და უამრავი შეცდომა დავუშვით. გულშემატკივარი ჩვენგან ლამაზ სანახაობას
ელოდებოდა და ძალიან მრცხვენია, რომ დღეს ჩვენი ქომაგები გამარჯვებით ვერ გავახარეთ.