სტატისტიკა სუპერლიგის მეორე ტურის მესამე მატჩი დღეს რუსთავში
გაიმართა, სადაც რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა ოლიმპს უმასპინძლა
და გუნდური თამაშის ხარჯზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
რუსთავისთვის მიმდინარე ახალ სეზონზე ეს პირველი საშინაო
მატჩი იყო, რომელსაც ქალაქის ხელმძღვანელობა სპეციალური ღონისძიებით შეხვდა. თამაშის
დაწყებამდე დარბაზში მოსულ მაყურებელისთვის მოცეკვავეთა და მუსიკოსთა შოუ გაიმართა,
რომელსაც თან შოუს ელემენტებით გაფორმებული რუსთავის გუნდის კორტზე შესვლა დაერთო.
გუნდის წევრების გამოცხადებისას დარბაზში მთავარი განათება ჩაქრა და მოთამაშეები წინასწარ
მომზადებული, სპეციალური განათების თანხლებით შევიდნენ მოედანზე.
რაც შეეხება თამაშს, მატჩი 3 მეოთხედის განმავლობაში
თითქმის თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად სტუმრები ლიდერობდნენ.
მასპინძლები მესამე მეოთხედის ბოლოდან აღზევდნენ ლეგიონერების – კასპერბაუერისა და
სპანოლოს კარგი სროლების ხარჯზე, რომელსაც თან გუნდური თამაშიც დაერთო და ბოლო მეოთხედში
20 ქულიან უპირატესობას დაუფლნენ და საბოოლოოდ ქვემო ქართლელებმა 82:68 იმარჯვეს.
გამარჯვებულებს კასპერბაუერმა ულიდერა 22 ქულით, მეორე
ლეგიონერმა სპანოლომ 21 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა თავი, გამორჩეული იყო კრისტოფერ
ლიიც, მან თავის ანგარიშზე 14 ქულა და 7 პასი მიიწერა; ყველაზე მაღალმა ქართველმა კალათბურთელმა
და რუსთავის ცენტრმა სერგო ათუაშვილმა 10 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. „ოლიმპიელთაგან“
საუკეთესონი იყვნენ ბარნეთი 15 ქულითა და 9 მოხსნით, მიქელაძე 15 ქულით, რევაზ როგავა
14 ქულით და პიჩფორდი 9 ქულითა და 8 მოხსნით.
სუპერლიგის მე-2 ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს 23 ოქტომბერს
18:00 საათზე ბათუმში გაიმართება, სადაც ბათუმელები „დინამოს“ უმასპინძლებენ.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): “ოლიმპთან” გასულ სეზონში 4-დან 3 თამაში წავაგეთ და აქედან გამომდინარე ეს გუნდი ჩვენთვის უხერხულად ითვლებოდა. თამაშმა გამოაჩინა, რომ მეტოქე სერიოზული იყო. სამი პერიოდი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ბოლო პერიოდში მოვახერხეთ ძალების მობილიზება, რაც გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. ვულოცავ ბიწებს და რუსთაველთა ყველა გულშემატკივარს. შეცდომები, რომელიც დავუშვით, ვეცდებით გამოვასწოროთ.
დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი): ბოლო სამი თამაშია
ერთი და იგივე სცენარით ვითარდება. დასაწყისი კარგი გვაქვს და ბოლოს ვდუნდებით. შემდეგი მატჩებისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით, რათა შედეგი გავაუმჯობესოთ. დღევანდელ მარცხს სამწვრთნელო შტაბი საკუთარ თავზე ვიღებთ.