რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა რეგულარული ჩემპიონატი
დასრულდა. ბოლო მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ,,მგზავრები-არმია’’ და ,,რუსთავი’’ ხვდებოდნენ,
სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ,,რუსთავი’’
რეგულარულს მე-4 ადგილზე ასრულებდა, ,,მგზავრები-არმია’’ კი მე-8-ზე.
სწორედ ამაზე
გაამახვილეს ყურადღება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდების მწვრთნელებმა. ,,მგზავრები-არმიის’’
დამრიგებელმა ბუბა ბერიშვილმა განაცხადა, რომ მის გუნდს მოგების მეტი მოტივაცია ჰქონდა,
რადგან ცხრილში ბოლო ადგილზე იყო და პლეი ოფის წინ გამარჯვების მოპოვებით მოთამაშები
ფსიქოლოგიურად განეწყობოდნენ.
მოიგო იმან, ვისაც
მეტად სჭირდებოდა გამარჯვება. ,,მგზავრები-არმიამ’’ საწყისი 3 მეოთხედი იოლად მოუგო
რუსთაველებს, 16 ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ უპირატესობაც იოლად შეინარჩუნა. გამარჯვებულებს
18 ქულით ტამირ ჯეკსონმა ულიდერა, 17 ქულა მოაგროვა მერაბ ბოქოლიშვილმა, ადრიკ მაკკინმა
კი ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 18 მოხსნა გაიფორმა. რუსთაველთაგან 17 ქულითა და 10 მოხსნით
საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა.
,,მგზავრები-არმია’’
პლეი ოფში ,,დინამოს’’ შეხვდება, ხოლო ,,რუსთავი’’ – ,,ოლიმპს’’.   საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი 4 მაისიდან დაიწყება.

 
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’
მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა ბიჭებს მივულოცო ეს გამარჯვება.
ცხრილში არაფერი იცვლებოდა ამ თამაშით არ ჩვენთვის და არც ,,რუსთავისთვის’’,თუმცა ჩვენთვის,
როგორც ბოლო ადგილზე მყოფი გუნდისთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო
მოგება. მითუმეტეს, ,,დინამოს’’ ვხვდებით და ეს გამარჯვება განწყობის შექმნისთვისაც
საჭირო იყო. ვიტყოდი, რომ დაცვაშიც, შეტევაშიც, პირველ შეტევაშიც ძალიან კარგად ითამაშეს
ბიჭებმა.  გვქონდა გარკვებული შეცდომები, თუმცა
პლეი ოფებისთვის შევეცდებით ესეც გამოვასწოროთ.

მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი
მწვრთნელი): ვულოცავ ბუბას და მის გუნდს გამარჯვებას. ჩვენ ძალიან
ცუდად ვითამაშეთ დაცვაში. ეს ანგარიშზეც აისახა. შეცდომების გამოსასწორებლად ძალიან
ცოტა დრო გვრჩება და ვეცდებით, პლეი ოფებში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.