სტატისტიკა მე-5 ტურის რეგიონალურ დერბიში „ბათუმმა“ „ქუთაისს“
უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში ქუთაისელებმა 74:70 იმარჯვეს.
მოქმედმა ჩემპიონმა „ქუთაისმა“, რომელმაც მიმდინარე
სეზონი დებიუტანტ „კაკტუსთან“ მარცხით დაიწყო, მას შემდეგ ყველა მატჩი მოიგო და „დინამოს“
ზურგსუკან მთავარ ფავორიტად განიხილება. ქუთაისელებმა დღეს ბათუმში დავით უსტიაშვილის
გაწვრთნილი „ბათუმი“ დაამარცხეს და საკუთარ ამბიციებს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
ბათუმში გამართული მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა.
პირველი ნახევარი კი თანაბრად წარიმართა და დიდი შესვენებისთვის საყაიმო ანგარიში
– 36:36 დაფიქსირდა. მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა გასამარჯვებლად საკმარის უპირატესობას
მიაღწიეს. გუნდური თამაშის წყალობით კოტე ტუღუშის გუნდმა მესამე პერიოდი 24:13 იმარჯვა
და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 60:49 დაწინაურდა.
დარჩენილდროში აჭარულმა გუნდმა ბევრი ეცადა, მაგრამ
ვითარების გამოსწორება ვერ შეძლო. საბლოოდ „ქუთაისმა“ 74:70 დაამარცხა „ბათუმი“ და
ლიდერთა შორის პოზიცია გაიმყარა. ქუთაისელებს 14 ქულითა და 8 მოხსნით ვახტანგ ქადარიამ
ულიდერა. 13 ქულა ზაურ ფაშაევმა მიითვალა. „ბათუმში“ 21 ქულით საუკეთესო იყო ილია შემოსიუკი.
სუპერლიგის მე-5 ტურის დარჩენილი 2 მატჩი კვირას,
თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გამართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): ისე მიეწყო კალენდარი, რომ საშინაო
თამაში ჯერ დინამოსთან გვქონდა, მერე ქუთაისთან. ამ გუნდების სიძლიერეზე ბევრს არ ვისაუბრებ,
ყველასთვის ცხადია რომ ფავორიტები არიან. მე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მადლობა
მინდა გადავუხადო როგორც ბიჭებს, ასევე გულშემატკივარს, რომლებიც მოვიდნენ და გვიქომაგეს.
შანსი ნამდვილად გვქონდა და ბოლომდე ვითამაშეთ. წინ ჯერ კიდევ მთელი ჩემპიონატია და
აუცილებლად გამოვასწორებთ ყველა იმ ხარვეზს რაც გვქონდა.
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში იყო, თუმცა საბოლოოდ მოვახერხეთ
გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რომელიც ბათუმს მრავლად ყავდა.
ასევე ჩვენი გულშემატკივრები ქუთაისიდანაც გამოგვყვნენ. დიდი მადლობა მათ, რამეთუ ნამდვილად
განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს.