სტატისტიკასუპერლიგის ლიდერმა „დინამომ“ ბათუმში იმარჯვა, ხოლო
მეორე ადგილზე მყოფმა „ქუთაისმა“ „სოხუმს“ უმასპინძლა და მორიგი 2 ქულა მიითვალა. იმერულმა
კლუბმა სოხუმელები მესამე პერიოდში გატეხეს, რომელიც 20:9 მოიგეს და მოპოვებული სოლიდური
ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს.
არადა, „სოხუმმა“ თამაში მძლავრად დაიწყო და პირველი
პერიოდის 1 ქულით მოგების შემდეგ მეორეში 10 ქულით – 28:18 დაწინაურდა. ქუთაისელებმა
ვითარება მალევე გამოასწორეს და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. მასპინძლებს აკლდათ ძირითადი გამთამაშებელი, გიორგი
ცინცაძე, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია მათთვის, ბოლო ტურებში გამორჩეული „სოხუმი“ დაემარცხებინათ.
როგორც აღვნიშნეთ, მესამე პერიოდი გუნდური თამაშის წყალობით ქუთაისელებმა 11 ქულით მოიგეს და სტუმართა წინააღმდეგობა
გატეხეს.
საბოლოოდ „ქუთაისმა“ 75:60 მოიგო და „დინამოსთან“ სამქულიანი
სხვაობა შეინარჩუნა. გამარჯვებულთაგან 14-14 ქულით ანატოლი ბოისა და ბექა ბექაური გამოირჩნენ.
13-13 ქულით დაასრულეს შეხვედრა ზაურ ფაშაევმა და გოგა ცეკვავამ. „სოხუმში“ 18 ქულით
და 11 მოხსნით საუკეთესო იყო უეიდ ლათანი, 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა
დავით ბარბაქაძემაც.
სუპერლიგის მე-16 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ თბილისსა
და რუსთავში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):
სოხუმი გაძლიერდა და კარგი გუნდია, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. გვაკლდა ორი წამყვანი მოთამაშე – გიორგი ცინცაძე და დრაგან ტუბაკი, თუმცა მეორეს მხრივ დანარჩენი მოთამაშეების და სრულიად გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
ვიტალი ჩერნიი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
ჩვენ საფუძვლიანად ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, თუმცა ის სტრატეგია, რაც ვარჯიშებზე დაგეგმილი გვქონდა, მხოლოდ პირველ ნახევარში წარმოვაჩინეთ. სამწუხაროდ თამაში არ წაგვივიდა დაცვაში და აქედან გამომდინარე ვერ ვივარგეთ თავდასხმაშიც. შეიძლება ისე ჩანდა, რომ გუნდი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე თამაშობდა, მაგრამ ჩვენ ხელების ჩამოშვებას ნამდვილად არ ვაპირებთ – ეს მხოლოდ კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის, რათა მომდევნო თამაშებში უკეთ მოვემზადოთ და დავამტკიცოთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ.