ქუთაისმა სოხუმი ბოლო წამებზე ქულით დაამარცხა

ქუთაისმა სოხუმი ბოლო წამებზე ქულით დაამარცხა

 სტატისტიკა სუპერლიგის 25-ე ტური დღეს ქუთაისში გაიხსნა, სადაც
ძალიან დაძაბული მატჩი გაიმართა. იმერულმა კლუბმა სოხუმს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში
– 68:67 გაიმარჯვა.

სატურნირო თვალსაზრისით ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი
შეხვედრა. გამარჯვების შემთხვევაში სოხუმელები ქუთაისს ქულებით უთანაბრდებოდნენ და
მოგებისთვის მაქსიმუმიც გაიღეს, თუმცა ბოლო წამებზე მასპინძლებმა იმარჯვეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავდაპირველად
სოხუმელები დაწინაურდნენ, რომლებმაც პირველი პერიოდი 19:15, მეორე კი 17:11 მოიგეს
და დიდ შესვენებაზე სოლიდური – 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში მასპინძლებმა
მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ისე შედეგიანად ითამაშეს, რომ ჩამორჩენა ხომ
გააბათილეს და წინ 11 ქულით გავიდნენ. სოხუმელებმა მესამე პერიოდი გამანადგურებელი
სხვაობით – 5:26 დათმეს და თითქოს წასაგებად გაიწირნენ. ქუთაისელებმა დიდად იხეირეს
ბექა ბექაურის ფარქვეშა თამაშით, რომელმაც ამ მატჩში მითვლილი 16 მოხსნიდან 9 მეტოქის
ფარზე მგანახორციელა. მთლიანობაში მასპინძლებმა მეტოქეზე 31-ით (!) მეტი მოხსნა მიითვალეს,
რითაც შეტევათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიმრავლეს.

მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, სოხუმის კალათბურთელებმა
ბოლო პერიოდში მოახერხეს მობილიზება და მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლეს ჩამორჩენის გაბათილება
და ბოლო წუთზე, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ფილიპ მილერის საჯარიმოების
შემდეგ 67:66 დაწინაურდნენ. ქუთაისმა მატჩის ბედის გადამწყვეტი შეტევა წარმატებით დააგვირგვინა.
გოგა ცეკვავას პასით ზაურ ფაშაევმა გამარჯვების ბურთი ზედ საფინალო სირენამდე ჩააგდო.

გამარჯვებულებას 15-15 ქულა შესძინეს ზაურ ფაშაევმა
და ივან მიკულიჩმა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ცეკვავამ, ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა
და ბექა ბექაურმა თავი ფარქვეშ თამაშით გამოიჩინეს – პირველმა 12 ბურთი მოხსნა, მეორემ
– 16. რაც შეეხება სოხუმელებს, 20 ქულით მათგან საუკეთესო ფილიპ მილერი გახლდათ, ხოლო
ლევან ფაცაციამ სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. მიმდინარე სუპერლიგის ერთადერთი სამმაგი
დუბლის ავტორმა დღევანდელ მატჩში 13 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

სუპერლიგის 25-ე ტურის დარჩენილი 3 მატჩი 9 აპრილს,
თბილისსა და რუსთავში გაიმართება. 
ქუთაისი – სოხუმი  68:67
მატჩისშემდგომი კომენტარები 
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ველოდით დაძაბულ თამაშს. ორივე გუნდს ძალიან ჭირდებოდა მოგება. ფაქტიურად მე-3 ტაიმში წავაგეთ თამაში მსაჯების უხეირო შეცდომების გამო. როდესაც ჯგერენაიამ ფარქვეშ ბურთი მოხსნა, მსაჯს აშკარად შეცდომა მოუვიდა. ორმა საჯარიმო სასტვენმა წაგვაგებინა ფაქტიურად მოგებული თამაში. 
კოტე ტუღუში („ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): როგორც ველოდით თამაში დრამატულად წარიმართა. სოხუმი სუპერლიგის ერთერთი ფავორიტი გუნდია და ბუნებრივია ადვილი არ იქნებოდა გამარჯვების მოპოვება. ჩვენმა გულშემატკივარმა ამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო გაფრთხილება მივიღეთ და კიდევ ერთის შემთხვევაში ძალიან დაგვაკლდება  ჩვენი გულშემატკივარი და ის, რასაც მოედნის უპირატესობა ჰქვია. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მომავალში მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ, რადგან ისინი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი რომ ჩვენი საუკეთესო თამაში იყო, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ გამარჯვებამოვიპოვეთ. მომავალში ვეცდებით ყველა შეცდომა და ხარვეზი აღმოვფხვრათ რაც გვაქვს.