სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ქუთაისში დაიწყო, სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა. ამ გუნდების დაპირისპირებას ბოლო წლებში დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია და ასე იყო დღესაც. საინტერესო და დაძაბული შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და გამარჯვებული მასპინძელი გუნდი გამოვიდა, რომელმაც 2 ქულით – 90:88 იმარჯვა.
ორივე გუნდს 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდა, ცხრილშიც გვერდი-გვერდ იყვნენ და აღნიშნულ მატჩს საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და პირველი პერიოდი 25:19 მოიგეს. იყო მონაკვეთი, როცა რუსთაველები 12 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ქუთაისელებმა მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება.
მასპინძლები მეტოქეს არ რჩებოდნენ და მეორე პერიოდში მინიმალური სხვაობითაც დაწინაურდნენ, თუმცა ქვემოქართლელებმა კვლავ მოახერხეს გალიდერება და ბოლო წუთებამდეც ხელჩასაჭიდად იგებდნენ. მატჩის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე სტუმრები 5 ქულით – 81:76 იგებდნენ, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ქუთაისელებმა გაათანაბრეს და ბოლო წუთზე დაწინაურდნენ კიდეც – 88:86.
რუსთაველთა ლიდერმა ტაირელ ნელსონმა გაათანაბრა, თუმცა გაიბრწყინა ქუთაისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც სტუმრებს ჯერ ჩაუჭრა, შემდეგ კი გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 90:88.
ქუთაისელთაგან 25 ქულით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა. 18 ქულა ჰქონდა დეჟუან რაიტს, ხოლო ბექა წივწივაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. „რუსთავში“ 23 ქულით საუკეთესო ტაირელ ნელსონი გახლდათ. 17 ქულა რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მორიგი მატჩები 1 ნოემბერს – ბათუმსა და თბილისში გაიმართება: „ბათუმი“ – „სოხუმი“, ხოლო „დელტა“ „მგზავრებს“ თბილისში უმასპინძლებს.
ფოტო: დიმიტრი კაციტაძე