ქუთაისმა მგზავრებს ბოლო წუთებზე მოუგო

ქუთაისმა მგზავრებს ბოლო წუთებზე მოუგო

 სტატისტიკა
 გალერეა სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც
მოიგო და ტიტულის შესანარჩუნებელ გზაზე დაგეგმილი 2 ქულა შეიმატა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ
„ქუთაისს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გამარჯვების მქონე
„მგზავრებმა“, რომლის წევრმა ბექა წივწივაძემ გამთანაბრებელი სამქულიანი საფინალო სირენამდე
2 წამით ადრე გააცუდა.

არადა, ქუთაისელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი
პერიოდის შემდეგ 19:13 იგებდნენ, თუმცა სწრაფი და შედეგიანი თამაშის წყალობით „მგზავრებმა“
ვითარების გამოსწორება მოახერხეს და დიდი შესვენებისთვის 36:29 გალიდერდნენ. „მგზავრებში“
დებიუტი ჰქონდა ახალ ამერიკელ ლეგიონერ ბრენდონ პიტერსს, რომელმაც სხვა უცხოელებთან
ერთად ბუბა ბერიშვილის გუნდის წარმატებულ თამაშს ბიძგი მისცა.

„მგზავრების“ გალიდერებას ქუთაისელებმა გუნდური თამაში
დაუპირისპირეს. გიორგი ცინცაძე ხშირად იღებდა საკუთარ თავზე ინიციატივას, მაგრამ თანაგუნდელებს,
თუ უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდნენ, პასებს არ უგვიანებდა და იმერული კლუბი მუდმივად
კვალში ედგა „მგზავრებს“ და წინ არ უშვებდა.

საკვანძი გამოდგა მატჩის ბოლო მეოთხედის შუაწელი, როცა
60:65 ჩამორჩენილმა „ქუთაისმა“ 10:0 გაქცევა მოაწყო – რაც ზაურ ფაშაევის, გიორგი ცინცაძის,
ბექა ბექაურის, გოგა ცეკვავას და ანატოლი ბოისას შედეგიან გარჯას მოჰყვა. 70:65 დაწინაურებულმა
„ქუთაისმა“ დარჩენილ 4 წუთში ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა, თუმცა ოთარ ფხაკაძეს,
ან წივწივაძეს გამთანაბრებელი რომ ჩაეგდო, ოვერტაიმი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ…

ქუთაისელებში 18 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო
გიორგი ცინცაძე. 15 ქულა და 5 პასი ფაშაევმა მიითვალა. აკაკი ლომოურმა კი გამარჯვებულებს
14 ქულა შემატა. „მგზავრებში“ 20 ქულით თავი ავთანდილ ლომინაშვილმა გამოიჩინა. 13 ქულა
და 9 მოხსნა დერნელ ტეილორის ანგარიშზე დაგროვდა.

მორიგ მატჩში ერთმანეთს ლიდერი „დინამო“ სამეულში მყოფ
„რუსთავს“ შეხვდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):

„გუნდის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
დღეს დებიუტი ჰქონდა კიდევ ერთ ლეგიონერს, რომელსაც ცუდად არ უთამაშია, მაგრამ კერ
კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ბოლო მომენტში ვეღარ შევძელით
იმ კომბინაციების გათამაშება, რაც დავგეგმეთ. „ქუთაისი“ გამოცდილი გუნდია და გადამწყვეტ
მომენტში მეტი მობილიზებით ითამაშა, გამარჯვება მოიპოვა, რასაც ქუთაისელებს ვულოცავ“. 
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): 
“რთული თამაში იყო ნამდვილად. მგზავრებმა ბოლო თამაშებია ნამდვილად მოუმატა, ბევრად უკეთ თამაშობს ვიდრე დასაწყისში და მე მჯერა, რომ ეს გუნდი უფრო მოუმატებს და ბევრს „გაამწარებს“. ყველაფერი სათანადოდ უნდა შევაფასოთ – ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ, მერე ცოტა ჩავარდნა გვქონდა მიმდინარეობისას და ძალიან გაგვიჭირდა შემობრუნება. მე მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს და ჩემს ბიჭებს. ვფიქრობ რომ კარგი თამაში გამოგვივიდა“