ქუთაისმა მგზავრები იოლად დაამარცხა

ქუთაისმა მგზავრები იოლად დაამარცხა

სტატისტიკასუპერლიგის მეორე მატჩი იმერეთის დედაქალაქში გაიმართა.
ადგილობრივმა ქუთაისი-2010-მა თბილისური მგზავრები მიიღო და უთანასწორო ბრძოლაში
80:65 იოლად დაამარცხა.

მატჩის პირველ მეოთხედში თანაბარი ბრძოლა შედგა. ფაქტიურად
განახევრებული მგზავრები იოლად დანებებას არ აპირებდა და ბოლომდე მოკრებილი ძალებით
ებრძოდა მასპინძელ გუნდს. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ პირველი მეოთხედის ბოლოს ტაბლოზე
ერთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა 17:16 ქუთაისის სასარგებლოდ.

მეორე მეოთხედიდან ქუთაისმა ძალების კონცენტრაცია მოახდინა
და გამოცდილი მოთამაშეების წყალობით წინ გაიჭრა. პირველი ტაიმის ბოლოს თითქმის უკვე
ცნობილი იყო ფავორიტის ვინაობა – ქუთათურებმა ლეგიონერი დრაგან ტუბაკის, საქართველოს
ნაკრების წევრების – გიორგი ცინცაძისა და ბექა ბექაურის შედეგიანი თამაშის წყალობით
უკან ჩამოიტოვეს მეტოქე სტუმარი – 46:33.

მომდევნო ორ მეოთხედში ვითარება გამოკვეთილად აღარ შეცვლილა.
სუპერლიგის ერთერთმა ფავორიტმა თავისი გაიტანა და მგზავრები 25 ქულის სხვაობით იოლად
დაამარცხა. ქუთათურებს 15 ქულითა და 9 მოხსნით დრაგან ტუბაკმა ულიდერა. 14 ქულა და
9 მოხსნა მოაგროვა საქართველოს ნაკრების წევრმა ბექა ბექაურმა, 13-13 ქულა მოაგროვეს
გიორგი ცინცაძემ და ვახტანგ ქადარიამ, ამ უკანასკნელმა საკუთარ ანგარიშზე 7 მოხსნაც
ჩაიწერა. მგზავრების საუკეთესონი 12 ქულით ოთარ ფხაკაძე და 10 ქულით ავთანდილ ლომინაშვილი
იყვნენ.

სუპერლიგის მომდევნო 2 მატჩი თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
24 დეკემბერს ცენტრალურ შეხვედრაში კაკტუსი და ოლიმპი დაუპირისპირდებიან და ამ შეხვედრის
პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შედგება
14 საათზე. მე-13 ტურის ბოლო მატჩში  ქვემოქართლური
გუნდი ჯერჯერობით დაუმარცხებელ დინამოს უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში
(ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ფაქტიურად დასუსტებულ მგზავრებს
ვეთამაშეთ. მე წარმატებებს ვუსურვებ მგზავრებს და იმედი მაქვს მალე მოგვარდება ის საკადრო
პრობლემები, რომლის წინაშეც ეს გუნდი დგას. ჩემს გუნდს ვულოცავ გამარჯვებას და ახლა
ისღა დაგვრჩენია, რომ მოვემზადოთ იმ მნიშვნელოვანი მატჩისათვის, რომელიც 29 დეკემბერს
გველოდება.

ბუბა ბერიშვილი
(მგზავრების მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ქუთაისს
დამსახურებულ გამარჯვებას. ძალიან ძლიერი გუნდია და წლევანდელი სეზონის ფავორიტი, ისევე
როგორც დინამო. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, არ არის იოლი ისეთ გუნდს ეთამაშო,
რომელსაც მსგავსი ძლიერი მოთამაშეები ყავს. მე იმედი მაქვს, რომ მალე მოვძლიერდებით
და ნებისმიერ გუნდთან უკეთეს კალათბურთს ვითამაშებთ.