სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მესამე წრის პირველი ტურის მორიგ მატჩში
„ქუთაისმა“ „კაკტუსი“ დაამარცხა. თბილისური გუნდი მეტოქეს ბოლო წუთებამდე უძალიანდებოდა,
მაგრამ ქუთაისელებმა დამაჯერებლად ჩაატარეს დასკვნითი პერიოდი და გამარჯვება მოიპოვეს.
იმერული კლუბი სერიოზული დანაკლისით თამაშობდა. „ქუთაისს“
ძირითადი გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე აკლდა, რომელმაც ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა
და უცნობია, რამდენ ხანში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. ძირითადად ქუთაისელები
ლიდერობდნენ, თუმცა მცირედით და პერიოდულად „კაკტუსიც“ ახერხებდა“ დაწინაურებას. ერთ-ერთი
ასეთი ეპიზოდი დიდ შესვენებას დაემთხვა, რომელზეც კაკტუსელები 3-ქულიან ლიდერობით გავიდნენ
– 40:37. მესამე პერიოდში ვითარება შეიცვალა. „ქუთაისმა“ მოახერხა თამაშის დალაგება
და პერიოდიც 23:12 მოიგო.
ბოლო მეოთხედში „ქუთაისმა“ ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა
და გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა. საბოლოოდ იმერულმა კლუბმა
81:66 მოიგო, რაც გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. 19 ქულით ქუთაისელთაგან დრაგან
ტუბაკი გამოირჩა. 12-12 ქულა დააგროვეს გიორგი ბარბაქაძემ და ზაურ ფაშაევმა. რაც შეეხებათ
კაკტუსელებს – 18 ქულითა და ამდენივე მოხსნით საუკეთესო იყო ჯონ ფლორვეუსი.
მე-15 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერი
„დინამო“ და ერთ-ერთი აუტსაიდერი „ოლიმპი“ შეხვდებიან“.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):
„მინდა მივულოცო ჩემს გუნდს ეს გამარჯვება. „კაკტუსი“
ძლიერი, სახიფათო გუნდია. თბილისში წინა შეხვედრაში დაგვამარცხა და დღეს ყველამ მოინდომა,
რათა ეს არ განმეორებულიყო. ჩვენმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს, რაც მთავარია, ბოლომდე
იბრძოლეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს. დღევანდელ მატჩში დიდი დანაკლისი გვქონდა გიორგი
ცინცაძის სახით, რომლის ტრავმაც სერიოზულია და ალბათ უნდა შევეგუოთ მის გარეშე თამაშს,
რადგან არ ვიცით, როდის დაუბრუნდება ის მოედანს“.
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
„ვულოცავ ქუთაისს დამსახურებულ გამარჯვებას. საკმაოდ დიდი ჩავარდნა გამოგვივიდა როგორც მეორე მეოთხედის დასაწყისში, ასევე მესამე მეოთხედში და ვფიქრობ ამან განაპირობა ჩვენი მარცხი. თუმცა არაუშავს, ჩვენ გვაქვს მიზანი და გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას.“