ქუთაისმა და ბათუმმა მეოთხედფინალური სერია იოლი გამარჯვებით გახსნეს

ქუთაისმა და ბათუმმა მეოთხედფინალური სერია იოლი გამარჯვებით გახსნეს

დღეს პლეი ოფის კიდევ 2 სერია გაიხსნა. ორივე მათგანის მატჩები რეგიონებში გაიმართა. ქუთაისში სულაც 2 რეგიონის გუნდი დაუპირისპირდა – რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “ქუთაისმა” მერვე ადგილზე გასულ მოქმედ ჩემპიონ “რუსთავს” უმასპინძლა. შეხვედრა გუნდების მიერ დაკავებული ადგილების შესაფერისად – “ქუთაისის” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 100:76 (სტატისტიკა).

კოტე ტუღუშის გაწვრთნილ იმერულ კლუბს პლეი ოფში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ისევე როგორც “რუსთავს”, თუმცა მხოლოდ გამოცდილებით ვერას გახვალ, თუ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა არ გყავს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ ქვემოქართლურ გუნდს თითქოს რიგიანი ლეგიონერები ჰყავს და არც ადგილობრივები არიან სუსტები, თუმცა “რუსთავი” მთელი სეზონია, ვერა და ვერ გაიხსნა, აკი ბოლო ტურებამდე გასავარდნ ზონაში იყო და საბოლოოდ პლეი ოფშიც ბოლო გამსვლელი – მერვე ადგილი დაიკავა.

პლეი ოფის პირველ მატჩში რუსთაველებმა ვერაფერი განსხვავებული ვერ შესთავაზეს ფავორიტ მეტოქეს. “ქუთაისს” მხოლოდ პირველ პერიოდში შეხვდა წინააღმდეგობა, რის შემდეგაც სრულ უპირატესობას დაეუფლა და საბოლოოდ 24 ქულით გაიმარჯვა. მასპინძლებს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი კორსანტიამ ულიდერა – 20 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა. ჯარვის რეიმ 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ადრიან ბოუის ანგარიშზე კი 14 ქულა და 8 პასი დაგროვდა. “რუსთავში” 20 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი, 19 ქულა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო 15 – მიხეილ ჭოჭუამ მიითვალა.

სერიის მეორე შეხვედრა 2 მაისს, 18:00 საათზე, კვლავ ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

დაახლოებით ანალოგიური სცენარით წარიმართა მატჩი ბათუმშიც, სადაც სათამაშოდ “ვერა” ჩავიდა. ამ წყვილში წესით ყველაზე დაძაბული სერია უნდა გაიმართოს, რადგან “ბათუმმა” და “ვერამ” ცხრილში შესაბამისად IV და V ადგილები დაიკავეს, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ვერელებმა პლეი ოფში გასვლა პირველი წრის შემდეგ გაინაღდეს, როცა 10 მატჩიდან 8 მოიგეს, თუმცა შემდეგ 2 წამყვანი ლეგიონერი გამოაკლდათ და მეორე წრეში პირუკუ შედეგი – 2 მოგების წილ 8 წაგება იწვნიეს.

შესაბამისად, დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი “ვერა” შესუსტებული შემადგენლობის გამო “ბათუმს” სათანადო ოპონირებას ვერ უწევს. ყოველ შემთხვევაში პირველ მატჩში ესე გამოჩნდა. ზღვისპირელებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და შეხვედრა ისე დამთავრდა, მასპინძელთა დომინირება ეჭვქვეშ არ დამდგარა. საბოლოს “ბათუმმა” მეტოქე – 102:82 (სტატისტიკა) დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. 

გამარჯვებულთაგან 19 ქულით ქულით ბომბარდირი კაილი რიდლი გახდა. ყველაზე შედეგიანი კი ბექა ბექაური გახდა – 12 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება. “ვერამ” ერთი ლეგიონერით ითამაშა, რომელიც გუნდში საუკეთესო იყო – ობრი მაკალპინმა 33 ქულა მიითვალა. 

სერიის მეორე შეხვედრაც ბათუმში, 2 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.