სუპერლიგის მორიგი ტურის დარჩენილი მატჩები დღეს სპორტის
სასახლეში იმართება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდი და ქუთაისი წარდგნენ.
შეხვედრა იმერული კლუბის იოლი გამარჯვებით – 96:41 დასრულდა.
ტექნიკოსებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში
გაუწიეს, რომელიც 11:15 დათმეს. მეორე ათწუთეულიდან კი დავით უსტიაშვილის გუნდს ყველაფერი
გამოუვიდა. მომდევნო პერიოდი ქუთაისელებმა 28:7 მოიგეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად
გადაწყვიტეს.
მეორე ტაიმი ფორმალობა გამოდგა. ქუთაისელებმა მოპოვებული
უპირატესობა არათუ ხელიდან გაუშვეს, ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და საბოლოოდ
55-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს. სტუ-ს ვერც ერთი მოთამაშე 10-ქულიან ზღვრამდე ვერ
მივიდა, ხოლო ქუთაისელთაგან აღნიშნული ბარიერი ოთხმა კალათბურთელმა დაძლია. 19-19 ქულით
იმერულ კლუბში გიორგი ბარბაქაძე და რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა
ორმაგი დუბლი გაიფორმა და 19 ქულას 13 მოხსნაც მოაყოლა.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და თსუ დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): მატჩის ბედი
ფაქტობრივად თავიდანვე გადაწყდა. კარგად ვითამაშეთ დაცვაში, მსროლელების ასპარეზობითაც
კმაყოფილი ვარ, შედეგად დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.
ავთანდილ ლომინაშვილი
(ქუთაისი): მეტოქე შეეცადა
წინააღმდეგობა გაეწია ჩვენთვის, თუმცა კარგად დავიწყეთ და სასურველ შედეგს იოლად მივაღწიეთ.
ზურა ტომარაძე
(სტუ): ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მიზეზებზე საუბარი ალბათ შორს
წაგვიყვანს ასე რომ თავს შევიკავებ. ქუთაისი ძლიერი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის
იბრძვის, რაც შეგვეხება ჩვენ თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ.
ქუთაისი – სტუ 41:96