„ქუთაისის“ გამარჯვება „კაკტუსთან“

„ქუთაისის“ გამარჯვება „კაკტუსთან“

 სტატისტიკა

სუპერლიგის მე-4 ტურის ბოლოსწინა მატჩით დასრულდა 28 ოქტომბრის თამაშები. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „კაკტუსმა“ „ქუთაისს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა. თბილისურმა კლუბმა ჩემპიონატი 2 მოგებით გახსნა, თუმცა წინა ტურში „ბათუმთან“ დამარცხდა, ხოლო დღეს „ქუთაისთანაც“ წარუმატებლად იასპარეზა.

გასული სეზონის ფინალისტმა „ქუთაისმა“ ინიციატივა თავიდანვე მოიპოვა, რაც დაბალანსებული თამაშის წყალობით მოახერხა. პირველი პერიოდის შემდეგ იმერული გუნდი 10 ქულით იგებდა და ეს უპირატესობა მეორე ათწუთეულშიც იოლად შეინარჩუნა.

„კაკტუსი“ შანსს ინარჩუნებდა, თუმცა მესამე მეოთხედში 20 ქულით ჩამორჩა და დარჩენილ დროში დეფიციტი ვეღარ აღმოფხვრა. დასკვნითი პერიოდის წინ სტუმრები 19 ქულით ლიდერობდნენ და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. „ქუთაისმა“ საბოლოოდ 82:70 იმარჯვა და მოგებ-წაგებათა დადებითი ბალანსი გაიფორმა.

გამარჯვებულთაგან 19 ქულითა და 8 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა. 16 ქულა მიითვალა ჯონათან ლიმ. აკაკი ლომოურმა ქუთაისელებს 15 ქულა მიაშველა. „კაკტუსში“ 24 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი. 15 ქულა მიითვალა ფრენკ როჯერსმა, ხოლო კრისტიან ჯონსონის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-4 ტურის ბოლო მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 ოქტომბერს შედგება. 18:00 საათზე „ოლიმპი“ „მარნეულს“ უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი, „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„ქუთაისი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ბევრი შეცდომები დავუშვით. ვერ მოვახერხეთ, რომ თამაშის ბოლომდე თანაბარი ბრძოლა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და გავაგრძელებთ ხარვეზების გამოსწორებას“.

კოტე ტუღუში, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:

„ყოველი მომდევნო მატჩი მნიშვნელოვანია. „კაკტუსთან“ მატჩისთის ვემზადებოდით. ჩვენს მეტოქეს წინა შეხვედრა 40 ქულით ჰქონდა წაგებული და ვიცოდით, რომ ბოლომდე იბრძოლებდა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჩემმა გუნდმა დავალება შეასრულა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მომდევნო მატჩი უკვე სამშაბათს გვაქვს საკმაოდ ძლიერ „რუსთავთან“ ქუთაისში და მოვემზადებით ამ შეხვედრისთვის“.