ქუთაისი ფინალში გავიდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
გალერეა
VIDEO
“ქუთაისი” ფინალშია. ეროვნული ჩემპიონატების
ისტორიაში ქუთაისელები ფინალში პირველად გავიდნენ. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა იმერულმა
კლუბმა სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში, “არმია”
91:81 დაამარცხა და საჩემპიონო სერიაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეხვედრა ისეთი დაძაბული იყო, როგორიც მისი წინამორბედი
ნახევარფინალური სერიის მატჩები. მართალია, ამჯერად საქმე ოვერტაიმამდე არ მისულა და
არც 1-2 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ მთლიანობაში მატჩი ძალიან დაძაბული იყო.
ბოლო წუთზე მატჩს აზრი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ მანამდე იყო დიდი ბრძოლა, რომელშიც
გამარჯვებულები ქუთაისელები გამოვიდნენ.

კოხრეიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ბოლო მეოთხედში,
როცა მატჩის ბედი წყდებოდა, 2 ერთმანეთისგან განსხვავებული სახე გამოავლინეს. გადამწყვეტი
მეოთხედი სტუმრებმა 4-ქულიანი ლიდერობით, თუმცა ძალიან ცუდად დაიწყეს და საწყის 4 წუთში
ქულა ვერ ჩააგდეს. დროის ეს მონაკვეთი ქუთაისელებმა 0:11 წააგეს და მატჩის დასრულებამდე
6 წუთით ადრე 67:74 ჩამორჩნენ. არმიელთა ეს გაქცევა უპირატესად ლაშა ფარღალავას დამსახურება
იყო, რომელმაც შორი სროლებიც ჩააგდო, სწრაფი გარღვევითაც გამოირჩა და საჯარიმოს ხაზიდანაც
ზუსტი იყო.                            

ქუთაისელთა მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ წუთშესვენება
აიღო, რის შემდეგაც სტუმართა საქმე უკეთესობისკენ წავიდა. ზაურ ფაშაევმა, აკაკი დვალიშვილმა,
გიორგი ბარბაქაძემ და გოგა ცეკვავამ ზედიზედ მიითვალეს ქულები და ქუთაისელთა 7 ქულიანი
ჩამორჩენა მალევე აღმოიფხვრა. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში 78:78 იყო,
ხოლო მომდევნო 3-წუთიან მონაკვეთში ქუთაისელებმა 7:0 იმარჯვეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.
არმიელებმა გადამწყვეტ მომენტში მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს, რაც გახდა კიდეც მათი
მარცხის მიზეზი.

ქუთაისელებს 3 გამორჩეულად შედეგიანი მოთამაშე ჰყავდათ.
აკაკი დვალიშვილმა 22 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, გოგა ცეკვავამ 22 ქულა და 6 პასი,
ხოლო დავით ბარბაქაძემ სტუმრებს 16 ქულა შესძინა. 10-ქულიანი ზღვარი დაძლია გიორგი
ბარბაქაძემაც, რომელმაც გამარჯვებულებს 11 ქულა მიაშველა. არმიელთაგან 22 ქულა ჰქონდა
ლაშა ფარღალავას, გიორგი შარმაბიძემ 16 ქულა და 10 მოხსნა მიითალა, ხოლო ანატოლი ბოისამ
შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

ფინალური სერია 20 მაისიდან დაიწყება. რეგულარულ ჩემპიონატში
ქუთაისელებმა ორივე მატჩი მოუგეს “დინამოს”,  ფინალურ სერიაში მოედნის უპირტესობა რეგულარულის
გამარჯვებულ დინამოელებს აქვთ.        
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. საინტერესო
თამაში იყო, ორივე გუნდის როგორც მოთამაშეებს, ისე მწვრთნელებს გამოადგებათ ეს თამაში.
თითოეულ ქულას 5-ვე შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გადამწყვეტ მომენტში დღეს
ქუთაისს უფრო გაუმართლა. ჩვენ კი საჭირო შანსები ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით კიდეც.
სერიის 5 თამაში არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ყველა მატჩი დაძაბული იყო, ორივე
გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა, შეცდომებიც იყო. დღეს ქუთაისს გაუმართლა და მოიგეს, ჩვენ
კი ვეცდებით მე-3 ადგილისთვის ვიბრძოლოთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ,,ბათუმი’’
ძალიან ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველის.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ჩემს გუნდს ამ დიდ წარმატებას. მადლობას ვეტყვი ყველა გულშემატკივარს, რომელიც
დღეს მოგვეხმარა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ბოლო წუთამდე
არავინ იცოდა, რით დამთვრდებოდა თამაში. მინდა ჩემი გუნდის მოთამაშეებს დიდი მადლობა
ვუთხრა, მაქსიმუმი გაიღეს, რომ არ შედეგისთვის მიეღწიათ. ,,არმიას’’ კი შემდგომში წარმატებებს
ვუსურვებ.

ანატოლი ბოისა(,,არმია’’): მივულოცავ
,,ქუთაისს’’ გამარჯვებას, წარამატებებს ვუსურვებ. ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა,
ყველაფერს მაყურებელი შეაფასებს. სამწუხაროდ, ბოლო 2წუთში ისეთი შეცდომები დავუშვით,
რომლებმაც ჩვენი წარუმატებლობა განაპირობა. დიდი ბრძოლა იყო და ,,ქუთაისმა’’ გაიმარჯვა
.

გოგა ცეკვავა(,,ქუთაისი’’): დიდი მადლობა
ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ, ქუთაისში გამართულ თამაშებზეც
დარბაზი სავსე იყო, მადლობა მათ მთელი სეზონი გვერდში დგომისთვის. მადლობას ვეტყვი
ჩვენს ბიჭებს, მთელი სეზონი ვვარჯიშობდით და ამისთვის ვიბრძოდით. ,,დინამოს’’ არანაკლებ
ბრძოლას გავუმართავთ. დიდი მადლობა ,,არმიას’’ შესანიშნავი სერიისთვის და წარმატებებს
ვუსურვებ მომავალში.