მორიგი სამუშაო ონლაინ-კონფერენცია გამართეს ქართველმა არბიტრებმა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მსაჯთა კავშირის ორგანიზებით დაწყებული შეხვედრები კვირაში ორჯერ ტარდება და ყოველ ჯერზე მისი სტუმარი გამოცდილი ევროპელი მსაჯია. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა ინსტრუქტორის, დრაგან ნეშკოვიჩის მოწვევით კონფერენციაში ამჯერად გამოცდილი ხორვატი არბიტრი, სრეტან რადოვიჩი ჩაერთო.
ონლაინ-კონფერენციის თემა შეტევაში ჯარიმა გახლდათ, რომლის შესახებაც თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვა. რადოვიჩმა აღნიშნულ თემაზე წარმოადგინა შემეცნებითი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი შეტევაში ჯარიმის განსაზღვრება და თავისებურებები. ყველაფერ ამას ახლდა ვიდეო-რგოლები, რომლის შესახებაც არბიტრებს შორის საინტერესო, პროფესიული მსჯელობა წარიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ თემის განხილვაში. აღნიშნულ ონლაინ-კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ სუპერლიგის მწვრთნელებსაც, რომლებიც პერიოდულად საკმაოდ აქტიურნი არიან.
შემდეგი ონლაინ-კონფერენცია პარასკევს, 1 მაისს არის დაგეგმილი.