19 ივნისს ქალთა შორის საქართველოს თასის მფლობელი გამოვლინდება. ფინალური შეხვედრა თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება, მანამდე კი რეგიონებში ნახევარფინალური დაპირისპირებები შედგება.
ახლახანს დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც რუსთავის „ვეჯინმა“ მოიგო, 4 გუნდი მონაწილეობდა. ქვეყნის პირველობა 4 წრედ ჩატარდა, რის შემდეგაც ნახევარფინალები და ფინალი გაიმართა. საქართველოს თასი ნახევარფინალიდან დაიწყება. ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული „ვეჯინი“ რუსთავში „ახმეტას“ უმასპინძლებს, ხოლო მეორეადგილოსანი „ქუთაისი“ ბრინჯაოსმედალოსან „ზესტაფონს“ შეხვდება. ნახვეარფინალური მატჩები რუსთავში 11, ხოლო ქუთაისში 12 ივნისს გაიმართება.
ნახევარფინალურ წყვილებში გამარჯვებული გუნდები საქართველოს თასისთვის ერთმანეთს 19 ივნისს, ფინალურ მატჩში დაუპირისპირდებიან.