ფინალური სერია მე-5 მატჩამდე მივიდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ფინალური სერია მე-5 მატჩამდე მივიდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

უაღრესად დაძაბულ,
ემოციურ და დრამატულ მატჩში „ოლიმპმა“ მოახერხა „შსს-აკადემიის“ დამარცხება 

და ფინალური
სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. სუპერფინალური მატჩი გადაწყვეტს, თუ რომელი
გუნდი გახდება საქართველოს ახალი ჩემპიონი. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა
სერიაში ანგარიშის გათანაბრება უკვე მეორედ მოახერხეს და ახლა უკვე ორივე გუნდს უკან
დასახევი გზა მოჭრილი აქვს: 26 მაისს გასამართ მატჩს რომელი გუნდიც მოიგებს, ჩემპიონიც
ის გახდება.

სერიის მე-4 მატჩის
ბოლო მეოთხედი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. ეს იმდენად თამაშის სპორტულ მხარეზე
არ ითქმის, ანგარიშში სხვაობა მცირე არ ყოფილა. დაძაბულობას უფრო მოთამაშეთა გადამეტებული
სიხისტე ქმნიდა. ოლიმპის მოთამაშეებმა ბოლო პერიოდში 3 ტექნიკური ჯარიმა მიიღეს, 3
წამყვანი მოთამაშის გარეშეც დარჩნენ, მაგრამ გამარჯვებამდე მისვლა მაინც მოახერხეს.

მესამე მეოთხედის
დასრულებამდე 4 წუთით ადრე, როცა მიხეილ ბერიშვილმა საჯარიმოები ჩააგდო და „ოლიმპი“
61:42 დააწინაურა, დარბაზში მყოფთა უმეტესობამ საქმე ალბათ მოთავებულად ჩათვალა, თუმცა
აკადემიელებს შანსი გამოუჩნდათ – ჩად პრივიტმა 2 სამიანი ჩააგდო, დეონტა ვონმაც ზუსტად
დააგვირგვინა გარღვევა და შსს-ელებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს – 52:62. ამ დროისთვის
მოედანზე რჩებოდა ირაკლი მიქელაძე, რომელსაც სერიის არც ერთ  მატჩში არ ეთამაშა, დღეს კი მწვრთნელმა მას სასტარტო
ხუთეულში ანდო ადგილი და 22 წუთი ათამაშა. მიქელაძემ მესამე მეოთხედის ბოლო წუთებში
თავადაც ჩააგდო, აკაკი დვალიშვილს გამოზომილი პასით საჭირო ორქულიანი ჩააგდებინა და
გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე „ოლიმპი“ 66:53 დაწინაურდა.

ბოლო მეოთხედი
ოლიმპელი მარტინას ანდრიუკაიტისის 3-ქულიანით გაიხსნა და „ოლიმპი“ კიდევ უფრო კომფორტულ
სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ვითარება მალევე შეიცვალა. ჯერ იყო და სტეფან მილოშევიჩმა
მე-5 პერსონალური მიიღო და ამაზე აღშფოთებულმა ტექნიკური ჯარიმაც დაიმსახურა, შემდეგ
ლევან ფაცაციამ ჯარიმა და პლუს ტექნიკური მიიღო, რის შემდეგაც პრევიტმა ზუსტად შესრულებული
3 საჯარიმოთი აკადემიელთა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა – 67:74. ეს მოხდა თამაშის
დასრულებამდე 5 წუთით ადრე და რამდენიმე წამში მეტოქესთან შელაპარაკების გამო მიხეილ
ბერიშვილმა ტექნიკური მიიღო და მოედნიდან გავარდა. ბერიშვილსა და მილოშევიჩთან ერთად
პერსონალურების გამო ოლიმპელებმა აკაკი დვალიშვილიც მოისაკლისეს და რთულ სიტუაციაში
აღმოჩდნენ – ფაქტობრივად არც ერთი მეფარე აღარ დარჩათ და უკანახაზელთა ინდივიდუალობის
იმედად დარჩნენ.

ბოლო 4 წუთი ოლიმპელებმა
ასეთი განახევრებული შემადგენლობით ჩაატარეს და რომ გაიმარჯვეს – მარტინას ანდრიუკაიტისის
3-ქულიანის, ლევან ფაცაციას ზუსტი გარღვევის და დარენ მურის საჯარიმოების დამსახურება
იყო. „შსს-აკადემიამ“ ბოძებული შანსით ვერ ისარგებლა და უკანასკნელ წუთებში რამდენიმე
შეცდომა დაუშვა, რითაც მოგების შანსი გადაიწურა.

„ოლიმპის“ შემადგენლობაში
22 ქულით ბომბარდირი დარენ მური გახდა, 18 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ლევან
ფაცაციამ, ხოლო ირაკლი მიქელაძემ ფინალური სერიის თავის პირველ მატჩში 12 ქულა მიითვალა.
„შსს-აკადემიას“ 25 ქულით დეონტა ვონმა ულიდერა, 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ჩად პრევიტმა,
ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

მატჩი, რომელმაც
საქართველოს ჩემპიონატის 2012-13 წლების სეზონის გამარჯვებული უნდა გამოავლინოს,
26 მაისს, 18 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი(ოლიმპი):  მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. როგორც ვიწინასწარმეტყველეთ,
ხუთთამაშიანი სერია გამოდგა. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც გუშინ, დღესაც ბინძური
თამაში იყო, თითქოს წინ ვიყავით, თუმცა ბოლო წუთებამდე არ იყო გარკვეული გამარჯვებულის
ვინაობა. ფსიქოლოგიურმა მომენტმაც იმოქმედა, 3 ტექნიკური მივიღეთ, რითაც მეტოქეს დაწევის
და სხვაობის 5-ქულამდე დაყვანის შანსი მივეცით. გადამწყვეტი თამაშისთვის ამაზე სამუშაო
გვაქვს.  3 ტექნიკური მივიღეთ და ეს სწორედ
იმით იყო განპირობებული, რომ მსაჯობით უკმაყოფილოები ვიყავით.

გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია):  გულწრფელად ვულოცავ
,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის მსიამოვნებს, არ აქვს მნიშვბელობა
ვიგებთ თუ ვაგებთ, ტაქტიკური ბრძოლა მიდის და ეს სასიამოვნოა.  სერიის გათანაბრებით მხოლოდ ფანები იქნებიან ბედნიერები,
რადგან კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თამაშს იხილავენ. გუნდებმა კი ბევრი რამ გადავიტანეთ,
აღელვებულები და  დაღლილები ვართ.   თავიდან
კონცენტრაცია დაკარგა ჩვენმა გუნდმა, თუმცა ძალების მობილიზება მოვახდინეთ და მეტოქეს
მივუახლოვდით, გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა 5 ქულამდე დავიყვანეთ სხვაობა და რეიმონდმა
იოლი ბურთი ვერ ჩააგდო. შეიძლებოდა სხვა შედეგი დამდგარიყო. ,,ოლიმპის’’ გამარჯვება
საბოლოოდ იმანაც განაპირობა, რომ მეტოქის დაკარგვებიდან მათ 17 ქულა ჩააგდეს, ჩვენ
კი მხოლოდ  – 4. ამ თამაშშიც, პირველ და მეორე
პერიოდში სამქულიანების დაუჯერებლად კარგი პროცენტი ჰქონდათ, მაგალითად 65% დღეს. რაც
შეეხება მსაჯობას, უკვე ორი სეზონია საქართველოში ვარ და არასდროს, მითუმეტეს წაგებული
თამაშების შემდეგ, შედეგი მსაჯებისთვის არ დაბიბრალებია, პასუხისმგებლობას ყოველთვის
ჩემს თავზე ვიღებ. წაგება არც მოთამაშეების, არც მსაჯების, არც კალათის და ბურთის ბრალია,
არამედ პასუხისმგებელი მე ვარ. მსაჯებზე წაგების გადაბრალება ყველაზე იოლი გამართლებაა.

ირაკლი მიქელაძე(ოლიმპი):  პირველ
რიგში, ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას.  დღეს
ჩვენთვის ბოლო შანსი იყო, შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა და მოვახერხეთ კარგი
თამაშით სასურველი შედეგის მიღება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლო თამაშში ჩემპიონობა
მოვიპოვოთ.

დეონტა ვონი(შსს აკადემია):  მინდა
მივულოცო ,,ოლიმპს’’ გამარჯვება. დღეს მათ ძალიან კარგად იასპარეზეს და უფრო აგრესიული
თამაში აჩვენეს, ვიდრე გუშინ. ჩვენ თამაშის შუაში შევძელით მოწინააღმდეგესთან  დაწევა, თუმცა გვიანი იყო. მათ უფრო თავდადებულად
ითამაშეს და გაიმარჯვეს კიდეც.
შსს აკადემია – ოლიმპი  75:82