ფიბა–ს ინსტრუქტორის სემინარები პრესკონფერენციით დასრულდა

ფიბა–ს ინსტრუქტორის სემინარები პრესკონფერენციით დასრულდა

 ფიბა–ს ინსტრუქტორმა ვიქტორ მასიმ დღეს ქართველ მსაჯებს, კომისრებსა და მატჩების მომსახურე მდივნებს მორიგი სემინარები ჩაუტარა.
 

 წარმოშობით ესპანელი სპეციალისტი თბილისში 2 დღის წინ ჩამოვიდა და სასტუმრო „სიმპათიაში“ სემინარები გამართა, რომლებსაც საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის წევრები სრული შემადგენლობით დაესწრნენ. დღევანდელ სემინარზე კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და სპორტის სამინისტროს აპარატის უფროსი ირაკლი სამყურაშვილიც მივიდნენ და ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.  

ბესიკ ლიპარტელიანი:” ვიქტორ მასის ჩამოსვლა და მისი სემინარების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, გვყავს მაღალი დონის მსაჯები და კომისრები, მაგრამ მათთვის პერიოდულად ასეთ სემინარებში მონაწილეობა აუცილებელია. ჩვენი სტუმარი გამოცდილი ადამიანია და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს, ასევე შეაფასებს საერთო მდგომარეობას და განსაზღვრავს ზუსტად თუ მომავალში რა უნდა გაკეთდეს”.ირაკლი სამყურაშვილი:” კალათბურთი პრიორიტეტული სპორტის სახეობაა, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სუპერლიგის გათამაშება კი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პირველობაა. გვყავს, რამდენიმე ევროპული დონის კლუბი და ჩემპიონატი სულ უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება, რასაც თავის მხრივ ძლიერი, გამოცდილი მსაჯები და კომისრები სჭირდება, რათა ჩემპიონატის განვითარება და პროგრესი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომაც, მსგავსი სემინარების ჩატარება ქართველი მსაჯების და კომისრებისთვის მიშვნელოვანი და აუცილებელია”.ვიქტორ მასი:” მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ვითანამშრომლებ. მსაჯების დონის ამაღლება სასურველი და მნიშვნელოვანია. სემინარის მიზანიც ეს არის. მართალია, ქართველი მსაჯების რიცხვი არ არის დიდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მსაჯების რაოდენობაც და მათი ცოდნის დონეც საგრძნობლად მოიმატებს. ადრე რთული იყო მსაჯისთვის კვალიფიკაციის მოკლე დროში ამაღლება, ახლა ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს პროცესი საგრძნობლად გააიოლა”.