ოლიმპს დინამოსთან ფარის მოგება არ ეყო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკა 
  გალერეა

სუპერლიგის მე-10
ტური საინტერესო მატჩით დასრულდა. წინა 3 მატჩის მსგავსად ტურის ბოლო მატჩიც დაძაბული
გამოდგა. მართალია, მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ“ „ოლიმპი“ 7 ქულით დაამარცხა, მაგრამ
მატჩის ბოლო წუთზე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულა, დაძაბულობა კი – პიკზე იყო.

„ოლიმპი“ რომ
მებრძოლი გუნდია, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მე-3 პერიოდში „დინამო“ 19 ქულით დაწინაურდა,
თუმცა ბრძოლისა და თავდადებული თამაშის ხარჯზე ოლიმპელებმა ჩამორჩენის შემცირება და
თამაშისთვის  ინტრიგის დაბრუნება შეძლეს.

„ოლიმპმა“ მეტოქეზე
24-ით მეტი ბურთი მოხსნა, მაგრამ ეს სოლიდური უპირატესობა შედეგში ვერ ასახა. მოხსნათა
უმეტესობა ოლიმპელთა ტანმაღალ სერბ ლეგიონერ მარკო დუიკოვიჩზე მოდის, რომელმაც მიმდინარე
სეზონის რეკორდი დაამყარა. დუიკოვიჩმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 24-ჯერ მოიპოვა, რითაც
თავის გუნდს დიდი დახმარება კი გაუწია, მაგრამ ოპონენტი გარიკ შერმანივით შედეგიანი
არ ყოფილა. შერმანმა დინამოელებს 22 ქულა მიაშველა და ბურთი 10-ჯერ მოხსნა.

ბოლო წუთზე, როცა
„ოლიმპის“ კაპიტანმა ნუგზარ აბულაძემ სერბ მარკო პოპოვიჩს ბურთი ჩაუჭრა და ჩამორჩენა
2 ქულამდე შემცირა, „დინამოს“ წაგების რეალური საფრთხე დაემუქრა. გუნდს დახმარება მისმა
კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გამყრელიძემ გაუწია, რომელმაც კუთხიდან ორქულიანი
ჩააგდო და „დინამოს“ გამარჯვება გაუნაღდა.

გამარჯვებულთაგან
ბომბარდირ შერმანის კვალზე სერბი მარკო პოპოვიჩი გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა.
11 ქულა მიითვალა გიორგი ორმოცაძემ, ხოლო ილია ლონდარიძემ დინამოელებს 10 ქულა მიაშველა.
„ოლიმპში“ 24 მოხსნასთან ერთად 15 ქულა ჰქონდა მარკო დუიკოვიჩს, 11 ქულა და 10 მოხსნა
უკრაინელი დენის ნოსკოვის ანგარიშზეა, ხოლო ნუგზარ აბულაძემ პირად ანგარიშზე 10 ქულა
ჩაიწერა.

სუპერლიგის მორიგი,
მე-11 ტური 27 და 28 თებერვალს, საქართველოს 4 ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა
და თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): რთული
თამაში იყო, ამას ველოდით კიდეც. ახალი მოთამაშეები გვყავს და ჯერ კიდევ ბევრი რამ
გვაქვს დასამუშავებელი როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში და ამ ყველაფერს მათ ნაწილ-ნაწილ
ვაწვდი. დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო, ვფიქრობ, პლეი ოფებამდე ბოლომდე შევიკრებით.
ამ თამაშში ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 60%-ით ვითამაშეთ, თუმცა კარგი მომენტებიც
გვქონდა. ფარი კატასტროფულად წავაგეთ, ფარის ასეთი წაგების შემდეგ მოგება რთულია, მაგრამ
გამარჯვება მოვახერხეთ. წარმატებებს ვუსურვებ ,,ოლიმპის’’ გუნდს მომავალში.

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ
ირაკლის და მთლიანად ,,დინამოს’’ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს. გუნდი, რომელიც
24 ბურთით იგებს ფარს, არ უნდა აგებდეს, თუმცა დღეს ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენს დარბაზში ვთამაშობდით, 12 ჯარიმა ავაცილეთ და 3-ქულიანების ძალიან დაბალი პროცენტი(17%)
გვქონდა. ბევრი ბურთი ავაცილეთ როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშიდან. თუმცა იყო პლიუსებიც.
მესამე მეოთხედში 19 ქულას ვაგებდით და ბოლო პერიოდში მოვახერხეთ სხვაობის 2 ქულამდე
შემცირება. მაგრამ ლაშა გამყრელიძემ გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო და დავმარცხდით. რაც
შეეხება ლეგიონრებს, ისინი არ არიან ბოლომდე სტაბილურები, ნოსკოვი წინა თამაშში ძალიან
კარგი იყო, დღეს კი საერთოდ არ იყო თავის სქემაში, არასწორი ბურთები შეუტია, მარკოც
ვერ იყო ფორმაში, ბოლო პერიოდში გამოფხიზლდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვეყო კლასი. მინდა
აღვნიშნო ,,დინამოს’’ ლეგიონერი, გარიკ შერმანი, რომელიც დღეს საქართველოში, ჩემი აზრით,
საუკეთესო ცენტრია. ნამდვილად ძალიან კარგი შენაძენია ,,დინამოსთვის’’. ჩვენ შევეცდებით
გამოვასწოროთ თამაში, სროლის პროცენტულობა და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ,,მგზავრები-არმიასთან’’
გამარჯვების შემთხვევაში მე-6 ადგილს გავინაღდებთ, დამარცხების შემთხვევაში კი მე-7ადგილზე
გადავალთ.

მარკო დუიკოვიჩი(,,ოლიმპი’’): კარგი სტარტი
გვქონდა, თუმცა არ ვიცი შესვენების შემდეგ რა მოხდა, მესამე პერიოდი, ფაქტობრივად,
ჩაგვივარდა. ბევრი სროლა ვერ გამოვიყენეთ, პერიმეტრიდანაც ცუდად ვესროდით. მწვრთნელმა
იცის, რაზე და როგორ უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაში გამოვასწოროთ.
დავიწყებთ მზადებას შემდეგი შეხვედრისთვის.