დღეს თბილისსა და ქუთაისში სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მატჩები გაიმართა. თბილისური გუნდების სერია რეგიონალურს უსწრებს და თუკი თსუ-ოლიმპის წყვილმა მეორე მატჩი მოილია, ქუთაისისა და ბათუმის დაპირისპირებაში პირველი შეხვედრა გაიმართა. დღეს გამართული შეხვედრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა: თბილისში ბრძოლა არ შედგა, ოლიმპმა დიდი უპირატესობით – 97:82 (სტატისტიკა) სძლია თსუ-ს, ხოლო ქუთაისში გამართული უაღრესად დაძაბული, ოროვერტაიმიანი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 91:85 (სტატისტიკა) დასრულდა.
რეგულარულ ჩემპიონატში თსუ უფრო მძლავ და შეძლებულ გუნდად ჩანდა, ვიდრე ოლიმპი. უნივერსიტეტელებმა მეტოქეს ორივე შეხვედრა მოუგეს, თუმცა პლეი ოფში სურათი სარკისებურად შეიცვალა. სერიის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც თსუ ბოლო პერიოდში დამარცხდა, მოსალოდნელი იყო, რომ უნივერსიტეტელები იოლად არაფერს დათმობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ოლიმპმა პირველივე პერიოდში მოიპოვა უპირატეოსობა, რომელიც 16 ქულის სხვაობით, 30:14 მოიგო, ხოლო მეორეში მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 25-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 53:28.
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბომბარდირი ლოველ ქაბილი მაქსიმალურად შეზღუდული იყო. ბოლო პერიოდი რომ დაიწყო, მას მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა ანგარიშზე, რაც ოლიმპელთა დაცვის დამსახურება იყო. ქაბილს პერსონალური მეურვე არ ჰყოლია, მისი განეიტრალება ოლიმპელთა გამართული გუნდური დაცვის დამსახურება იყო. შეტევას რაც შეეხება, ამ კომპონენტში დავით როგავას გაწვრთნილ გუნდს პრობლემა არ ჰქონდა. ეროვნული ნაკრების წევრები – კახა ჯინჭარაძე და ილია ლონდარიძე ქულას ქულაზე იხვეჭდნენ, მათ მხარს კარგად უბამდნენ ლუკა კალატოზიშვილი და ლეგიონერები – ედვარდ ეკიორი და იმორას ეიჯი.
შეხვედრის ბედი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდა, როცა მოედანზე სათადარიგოები გამოჩდნენ. ოლიმპის შემადგენლობაში 10-ქულიან ბარიერს ხუთმა მოთამაშემ მიაღწია, რომელთაგან 27 ქულით საუკეთესო კახა ჯინჭარაძე იყო. 17 ქულა ეკიორიმ მიითვალა, იმორას ეიჯის ანგარიშზე კი 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 18 ქულით ნიკოლოზ დარბაიძე გამოირჩა. რაილ ოუენსის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
ოლიმპისა და თსუ-ს სერიის მე-3 მატჩი 16 მაისს გაიმართება, ხოლო ქუთაისი სერიის მე-2 მატჩში ბათუმს 14 მაისს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.