ოლიმპმა სოხუმს მოუგო და დაკარგული ქულებით გაუთანაბრდა

ოლიმპმა  სოხუმს მოუგო და დაკარგული ქულებით გაუთანაბრდა

სტატისტიკა 
 გალერეამე-9 ტურის ოთხივე მატჩს დღეს თბილისის ახალი სპორტის
სასახლე მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში მაყურებელმა ძალიან დაძაბული და საინტერესო
ორთაბრძოლა იხილა, რაზეც ანგარიშიც ნათლად მეტყველებს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა
„ოლიმპმა“ ერთი ქულის სხვაობით – 70:69 დაამარცხა ვაჟა კვარაცხელიას „სოხუმი“ და მას
დაკარგული ქულებით გაუთანაბრდა.

წინა ტურში აუტსაიდერ „აკადემიასთან“ მარცხის შემდეგ
„ოლიმპმა“ რეაბილიტაცია მოახერხა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „სოხუმთან“ საკუთარი
ძალა სათანადოდ წარმოაჩინა. არადა, სოხუმელებმა ტრადიციულად მძლავრად დაიწყეს და მცირედით,
თუმცა საწყის პერიოდში ლიდერობდნენ. პირველ შესვენებაზე „ოლიმპი“ 4-ქულიანი ჩამორჩენით
გავიდა, თუმცა მეორე პერიოდში თამაში გამოასწორა და დიდი შესვენებისთვის დეფიციტი მინიმუმამდე
შეამცირა – 30:31.

თანაბარი ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. ბოლო პერიოდში
სოხუმელებს ჰქონდათ შანსი, მატჩის ბედი სათავისოდ გადაეწყვიტათ, თუმცა 7-ქულიანი ლიდერობა
ვერ შეინარჩუნეს. მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე სერგო ათუაშვილის ზუსტ სროლას
„სოხუმის“ 55:48 დაწინაურება მოჰყვა, მაგრამ „ოლიმპის“ მწვრთნელის შერჩეულმა სწორმა
ტაქტიკამ და მოთამაშეთა საშემსრულებლო ოსტატობამ მატჩის ბედი შეატრიალა.

ლევან მასხულიას სამქულიანს რევაზ როგავამ ზედიზედ მოპოვებული
5 ქულა მიაბა, ხოლო ოსტინ სტიდის სწრაფი შეტევით ჩატენილ ბურთს ოლიმპელების დაწინაურება
მოჰყვა – 56:55 დასრულებამდე 6 წუთით ადრე. როგავამ და სტიდმა შედეგიანობა გააგრძელეს
და კაზანჯიანის გუნდი 60:56 დაწინაურდა – ანუ 3-წუთიანი მონაკვეთი 13:0 მოიგო და მოპოვებული
უპირატესობა თამაშის ბოლომდე დიდი ძალისხმევით შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე ოლიმპელებს წაგების რეალური
საფრთხე დაემუქრათ, როცა მილან ოლუიჩზე სოხუმელთა ტაქტიკურად აღებული ჯარიმის შემდეგ
სერბმა ორივე სროლა სროლა ააცილა და 69:70 ჩამორჩენილ „სოხუმს“ შესატევად 14 წამი დარჩათ.
გიორგი ჯგერენაიას პოტენციურად გამარჯვების მომტანს სროლას ოლიმპელმა ჯერემი ბაინუმმა
დააფარა და მატჩიც დასრულდა.

ბაინუმი 16 ქულით „ოლიმპის“ ბომბარდირი გახდა. მას ორმაგ
დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 12-12 ქულა დააგროვეს რევაზ როგავამ და ოსტინ სტიდმა, ხოლო
მილან ოლუიჩისა და კახა ტომარაძის ანგარიშზე 10-10 ქულაა. „სოხუმში“ 23 ქულით და
7-7 მოხსნა-პასით ლევან ფაცაცია გამოირჩა. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

გია კაზანჯიანი,
(„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): დაცვის ხარჯზე მივაღწიეთ გამარჯვებას.
ძალიან რთული ბრძოლა იყო, რასაც ისიც ართულებდა, რომ მილან ოლუიჩი უვარჯიშებელი იყო.
მას ოჯახური პრობლემები ჰქონდა და სერბეთში მოუწია წასვლა, საიდანაც წუხელ დაბრუნდა
და სათანადო ფორმაში არ იყო. აქამდე არაერთი მატჩი წავაგეთ ბოლო წამებზე და ახლა ორმაგად
სასიხარულოა, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვით გადამწყვეტ მომენტში“.

ვაჟა კვარაცხელია(„სოხუმის“
მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროა რომ თამაში, რომლის მოგებაც ჰაერივით გვჭირდებოდა
წავაგეთ.  ეს ჩვენი მოუმზადებლობისა და ქუთაისთან
მოპოვებული გამარჯვების  შემდეგ ზედმეტი თავდაჯერებულობის  ბრალია. „ოლიმპი“ ძალიან ძლიერი გუნდია და  მასთან თამაშს სათანადო მზადოფნაში უნდა შევხვედროდით.