სტატისტიკა გალერეამე-7 ტურით სუპერლიგის პირველი წრე სრულდება. დღეს თბილისის
ახალ სპორტის სასახლეში ტურის დარჩენილი 2 შეხვედრაა დაგეგმილი, რომელთაგან 1 უკვე
დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის შუაში, გვერდი-გვერდ მყოფი გუნდები – „რუსთავი“ და „ოლიმპი“
შეხვდნენ.
ეს გუნდები, შედეგებიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით ჩემპიონატის
საშუალო გუნდების კატეგორიას განეკუთვნებიან. თითოეულმა მათგანმა ამ მატჩამდე 3 მატჩი
მოიგო და ამდენივეში მარცხი განიცადა. შესაბამისად, სატურნირო თვალსაზრისით, მათ დღევანდელ
დაპირისპირებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა – გამარჯვებული გუნდი მესამე ადგილზე
მყოფ „სოხუმს“ უთანაბრდებოდა.
თამაში ისე დაიწყო, სულ არ ეტყობოდა, რომ ცხრილის მეზობლები
თამაშობდნენ. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა შედეგიანი შეტევებისა და კარგი
დაცვის წყალობით ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – 14:1. ასეთი ჩავარდნის შემდეგ
რუსთაველებმა შეძლეს რეაბილიტაცია და პირველი პერიოდის 21:27 წაგების შემდეგ, მეორე
ათწუთეულში თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს.
მეორე ნახევარი ოლიმპელთა 4-ქულიანი ლიდერობით განახლდა,
თუმცა ანგარიშიც გათანაბრდა და ბოლო წუთებამდე დაძაბული, ქულა-ქულაში მიმდინარე თამაში
გაგრძელდა. კვანძი თამაშის დასრულებამდე 1:12 წუთით ადრე გაიხსნა, როცა „ოლიმპი“ 3
ქულას იგებდა და მისმა უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგი ალფოროვმა შეტევისთვის განკუთვნილი
დროის ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო – 74:68.
ყველაფერი აქ გაირკვა. რუსთაველებმა დარჩენილ 1:12
წუთში ვეღარაფერი შეცვალეს და „ოლიმპმა“ 78:73 გამარჯვებით ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ
„სოხუმს“ გაუთანაბრდა. ოლიმპელებს 18 ქულით ჯერემი ბაინუმმა ულიდერა, რეზო როგავამ
15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო სერგი ალფოროვის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
„რუსთავში“ 20 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლა გაჩეშა, კაილ ტურპინმა კი 23 მოხსნით მიმდინარე
სუპერლიგის რეკორდი დაამყარა. 17 ქულა და
9 პასი მიითვალა გიორგი გამყრელიძემ.
სუპერლიგის მე-7 ტური და შესაბამისად პირველი წრე „აკადემიასა“
და „მგზავრების“ დაპირისპირებით დასრულდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი
(„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან პრინციპული თამაში იყო, ვინაიდან
გამარჯვებული პირველი წრის შემდეგ ცხრილის
ოთხეულში შედიოდა. შეცდომები გვქონდა, თუმცა საბედნიეროდ გამოვასწორეთ და გუნდური თამაშის წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
„რუსთავის“ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ.
მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
ძალიან ცუდად ვითამაშეთ, უამრავი შეცდომა დავუშვით,
თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად.