სტატისტიკა
გალერეა
გასული სეზონის ვერცხლისმედალოსანმა „ქუთაისმა“ სეზონი მოგებით დაიწყო. მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა განახლებული „ოლიმპი“ 84:73 დაამარცხა, თუმცა ეს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ოლიმპელები ქუთაისელებს ტოლს არ უდებდნენ და დებიუტში ლიდერობდნენ კიდეც. პირველი მეოთხედი თბილისელებმა 20:15 მოიგეს, თუმცა უპირატესობა მეორე პერიოდში დაკარგეს. გამოცდილმა ქუთაისელებმა თამაში გაათანაბრეს, ოლიმპელთა სწრაფ შეტევებს საიმედო დაცვა დაუპირისპირეს და დიდ შესვენებას ლიდერებად შეხვდნენ – 39:35.
მესამე ათწუთეულში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ცხადი იყო, გამარჯვებულის ვინაობას ბოლო წუთები გასცემდა პასუხს. ასეც მოხდა. „ოლიმპი“ ბოლო პერიოდის დასაწყისში შანსს კიდევ ინარჩუნებდა, თუმცა ქუთაისელთა დამაჯერებელმა თამაშმა გამარჯვებულის ვინაობა გადაწყვიტა. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სტუმართა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია და ცხადი გახდა, „ქუთაისი“ მოგებას აღარ დათმობდა.
გამარჯვებულთაგან 20-20ქულით ბექა ბექაური და ავთანდილ ლომინაშვილი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 მოხსნაც მიითვალა. „ოლიმპში“ 17 ქულითა და 5-5 მოხსნა-პასით საბა ლობჯანიძე გამოირჩა, 14ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ნუგზარ აბულაძემ მიითვალა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს და ჩვენს გულშემატკივრებს გამარჯვებას. როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, ,,ქუთაისის’’ გარშემო დიდი აჟიოტაჟი იყო, ჩვენი გუნდისგან სულ უფრო და უფრო მეტს ელიან და ეს ლოგიკურია. სტარტი ყოველთვის რთულია, დღეს მოვახერხეთ და ძალების მობილიზების ხარჯზე, დაცვაში კარგი თამაშით გავიმარჯვეთ. პირველ ტაიმში ფარი წავაგეთ, თუმცა შემდეგ სწორედ ამ კომპონენტში მოვიპოვეთ უპირატესობა და მოვიგეთ. ძალიან მესიამოვნა მოწინააღმდეგის თამაშის ყურება, ძალიან კარგი გუნდია, ვფიქრობ, ბევრ სურპიზს შემოგვთავაზებენ და მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მინდა მივულოცო ,,ქუთაისის’’ გუნდს დამსახურებული გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ, ეს გუნდი ერთ-ერთი ფავორიტია. რაც შეგვეხება ჩვენ, ახალგაზრდული გუნდი ვართ, ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან, სწრაფ კალათბურთს თამაშობენ, სწორედ პირველ შეტევებში ვაჯობეთ მეტოქეს. სამწუხაროდ, დანარჩენ კომპონენტებში დავიჩაგრეთ. ვეცდებით, ეს წაგება დავივიწყოთ და უკეთესი თამაშები ვაჩვენოთ.
ბუბა კვიმსაძე(,,ქუთაისი’’): გილოცავთ ყველას ჩემპიონატის დაწყებას. მადლობა მოწინააღდეგეს, ნამდვილად კარგი ახალგაზრდები არიან, მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და გამოჩნდა მათი ნამუშევარი. რაც შეგვეხება ჩვენ, ვცდილობთ მაქსიმალურად შევასრულოთ მწვრთნელის მითითებები, მოვუმატოთ და სასურველს შედეგს მივაღწიოთ.
გეგი ბაქრაძე(,,ოლიმპი’’): პირველ რიგში, ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას. კარგი თამაში იყო, ბევრი ვიბრძოლეთ, თუმცა დავმარცხდით. იმედია, შემდეგ თამაშებში მოვუმატებთ და გამარჯვებას მოვიპოვებთ.