სტატისტიკა
გალერეასუპერლიგის მე-15 ტურის გადადებული მატჩი, რომელშიც
ერთმანეთს „აკადემია“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ, დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში
გაიმართა. ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და გამარჯვება ორივესთვის
ძვირად ფასობდა. შეხვედრაც მეტად დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, რომელიც
„ოლიმპის“ გამარჯვებით – 76:74 დასრულდა.
მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე „აკადემია“ 9
ქულას იგებდა. კოკა ტომარაძისა და ჯეიარ სთროუბრიჯის შედეგიანი თამაშის წყალობით
გელა წულაძის გაწვრთნილი აკადემიელები 66:57 დაწინაურდნენ, რაც აღნიშნულ მატჩში
ყველაზე დიდი სხვაობა გახლდათ. ოლიმპელთა მომდევნო შეტევაში, სამქულიანი
ტყორცნისას ლაშა ფარღალავაზე ტომარაძე დაჯარიმდა, რომელმაც მსაჯის გადაწყვეტილებას
ემოციური რექცია მოაყოლა, რისთვისაც ტექნიკური ჯარიმითაც დაისაჯა. ფარღალავამ ოთხივე
საჯარიმო ჩააგდო, ოლიმპელებმა ბონუს-შეტევაც შედეგიანად დაასრულეს და თამაში
თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს.
ბოლო წუთებზე თანაბარი თამაში გაჩაღდა, რომელშიც
გამარჯვებული „ოლიმპი“ გამოვიდა. რეზო როგავას სამქულიანი, მისივე დაფარება და ლესლი
სმიტის შედეგიანი გარღვევა გადამწყვეტი გამდგა და „ოლიმპმა“ „აკადემია“ 2 ქულით –
76:74 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან სამმა კალათბურთელმა – ლესლი სმიტმა, ჯერემი
ბაინამმა და ლაშა ფარღალავამ 18-18 ქულა მოაგროვეს. 11 ქულა, 6 ქულა დ 5 პასი
დაგროვდა რეზო როგავას ანგარიშზე. „აკადემიაში“ 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯეიარ
სთროუბრიჯი, საუკეთესი მონაგარი კი მორის ბრიგსის ანგარიშზეა – 18 ქულა და 17
მოხსნა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ლეონიდ ივატინი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი):
რთული თამაში იყო, რომლის მსვლელობისას საკმაო შეცდომები დავუშვით დაცვაში,
პიკენროლისა თუ სხვა კომბინაციების გათამაშებისას. საბოლოოდ ყველაფერი
მშვიდობიანად დასრულდა და გამარჯვება მოვიპოვეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ და
ვეცდებით მომავალ მატჩებში ნაკლები შეცდომები დავუშვათ.
ირაკლი ტომარაძე („აკადემიის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენთვის, ამ თამაშისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით და ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. მსაჯებზე კომენტარისაგან თავს შევიკავებ.