ოლიმპის დამარცხებით მგზავრები ლიდერებში გაერია

ოლიმპის დამარცხებით მგზავრები ლიდერებში გაერია

 სტატისტიკა
 გალერეა სუპერლიგის მე-18 ტურის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს
დიდი ბრძოლა გაუმართეს „ოლიმპმა“ და „მგზავრებმა“. ამ გუნდებმა წინა 2 წრეში მოგებები
გაიყვეს და ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ასე იყო დღესა. მატჩი „მგზავრების“
4-ქულიანი გამარჯვებით – 68:64 დასრულდა.

ბუბა ბერიშვილის გუნდი ბევრისთვის აღმოჩენაა. ახალგაზრდა
კალათბურთელებისა და ლეგიონერების სინთეზი „მგზავრებში“ ყველა სხვა გუნდზე უკეთესად
განხორციელდა და შედეგიც სახეზეა. კლუბმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-10 მატჩი მოიგო
და ცხრილში „სოხუმთან“ მეორე ადგილს იყოფს.

რაც შეეხება მატჩს, მისი დიდი ნაწილი „მგზავრების“ ლიდერობით
წარიმართა, თუმცა ბოლო წუთებზე თამაში გათანაბრდა და „ოლიმპი“ წინაც გავიდა. მატჩის
დასრულებამდე 4 წუთით ადრე ლესლი სმიტის, ნუგზარ აბულაძისა და ლაშა ფარღალავას შედეგიანობით
„ოლიმპი“ 61:57 დაწინაურდა, რასაც ბერიშვილის წუთშესვენება და დაცვის გამაგრება მოჰყვა.
კახა ჯინჭარაძისა და რენსომის ზუსტ გარღვევებს გიორგი ორმოცაძის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა
და „მგზავრები“ 64:61 დაწინაურდნენ.

დარჩენილ წუთნახევარში „ოლიმპი“ ბევრს ეცადა, მაგრამ
თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხა. „მგზავრებში“ 15 ქულით ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე
გახდა. რეჯინალდ მერფიმ ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. მატჩის საუკეთესო
შედეგი წაგებული გუნდის ცენტრმა, ლესლი სმიტმა დააფიქსირა – 25 ქულა, 11 მოხსნა. 

მატჩისშემდგომი კომენატრები

ლევან ქარაბაკი („ოლიმპის“ მწვრთნელი): მატჩის ბოლოს მოვახერხეთ თამაშის გამოსწორება და წინაც
გავედით. ამით მოთამაშეებმა ჩათვალეს, რომ მატჩი მოგებული იყო და შეცდომები გაეპარათ.
მეტოქემ არ გვაპატია და საკმაოდ პრინციპული მატჩი დავთმეთ. გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს
და ვეცდებით, მომავალ მატჩებში აღარ გავიმეოროთ.  
ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ოლიმპთან სათამაშოდ მომზადებულები ვიყავით. პირველად კარგად დავიწყეთ, თუმცა მოგვიანებით კონკრეტულმა მოთამაშეებმა დავალებას თავი ვერ გაართვეს. უფრო მეტი ქულით მოგების შანსი გვქონდა, რადგან ვერ გამოვიყენეთ შეხვედრის შუაში ბევრი მომენტი. ბოლო წუთებზე ძალების კოორდინირება და მოკრება მოვახერხეთ, ფორტუნაც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და მოვიგეთ