თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩი ,,დინამოსა” და ,,ოლიმპს” შორის, სადაც ,,ოლიმპმა” დაძაბულ მატჩში 91:86 დაამარცხა მეტოქე.
ამ გამარჯვებით ,,ოლიმპმა”სერიაში 2:0 აჯობა მეტოქეს და ნახევარფინალური საგზური მოიპოვა.
მატჩი საწყისი წუთებიდან დაძაბულად წარიმართა. პირველ ათწუთეულში მცირე უპირატესობა ოლიმპის გუნდმა მოიპოვა (25:22), თუმცა მეორე მეოთხედში დინამოელებიც გააქტიურდნენ და პირველ ტაიმში მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 45:46 ჩამორჩნენ. საინტერესოდ ჩაიარა მესამე მეოთხედმა, რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ,,დინამოს” სასარგებლოდ, 69:67 დასრულდა. გადამწყვეტ მეოთხე პერიოდში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა და პერიოდის მე-5 წუთზე ფრე – 72:72 დაფიქსირდა. აღნიშნულ მონაკვეთში გიორგი ცინცაძისა და ივან ტოდოროვიჩის აქტიური თამაშის წყალობით ,,ოლიმპი” 76:73 დაინაურდა, თუმცა პერიოდის შუაწელში დუდა სანაძემ შორეული სამქულიანი ტყორცნით ანგარიში კვლავ გაათანაბრა – 76:76. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდით ანგარიში უცვლელი დარჩა, თუმცა ,,დინამომ” შეძლო უპირატესობის მოპოვება და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:35 წუთით ადრე მინიმალური სხვაობით გავიდა წინ – 79:78.. მიხეილ ბერიშვილის ზუსტი სამქულიანის ხარჯზე ოლიმპის გუნდი კვლავ დაწინაურდა და თავის სასარგებლოდ 81:79 დააფიქსირა, თუმცა მიუხედავად ამისა, შეხვედრის ბოლო წუთზე ,,დინამომ” კვლავ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (81:81), რის მერეც დაძაბულობამ პიკს მიაღწია და თამაში ქულა-ქულაში წავიდა.
გადამწყვეტ მომენტში ,,ოლიმპმა”საკმაოდ მობილიზებულად იასპარეზა. 40 წამით ადრე, როდესაც გუნდებს შორის ფრე – 85:85 დაფიქსირდა, გიორგი ცინცაძემ 2 საჯარიმო ტყორცნიდან ორივე გამოიყენა, ხოლო შემდეგ მორიგი ორი ქულიანი მიითვალა და 3:7 წამით ადრე ოლიმპის გუნდი 89:85 დააწინაურა. შეხვედრას წერტილი მილან ოლუიჩის მე-5 პერსონალურმა ფოლმა და 1:2 წამით ადრე გიორგი გამყრელიძის ორმა საჯარიმო ტყორცნამ დაუსვა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა (91:89).
,,დინამოს” შემადგენლობაში 26 ქულით საუკეთესო დუდა სანაძე იყო, ხოლო 23 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ქიენ კარტერმა შეასრულა. ,,ოლიმპს” გიორგი ცინცაძემ ულიდერა, რომელიც 32 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. ორმაგი დუბლი მიითვალა ცინცაძის თანაგუნდელმა ივან ტოდოროვიჩმა, რომლის ანგარიშზე 10 ქულა და ამდენივე მოხსნაა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ოლიმპისა” და ,,დინამოს” მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა თავდასხმაში, დაცვაში კი უამრავი შეცდომა იყო. მივულოცავ ,,ოლიმპს” ამ წარმატებას და ვიმოდევნებ, რომ ნახევარფინალში წარმატებას მივაღწევთ, სადაც ტაქტიკურად უნდა მოვემზადით და დაცვა გავაძლიეროთ. თავდასხმაში მაღალი მოთამაშეებიც გვყავს და მსროლელებიც, დაცვაში კი არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს.
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): ძალიან საწყენია, რომ მარცხი განვიცადეთ. წინა მატჩისგან განსხვავებით ჩვენს გუნდს დღეს უფრო დიდი შანსი ჰქონდა . კარგი თამაში იყო, სადაც საბოლოოდ მეტოქეს გაუმართლა. თსუ-სთან წაგებამ მეოთხედფინალში ოლიმპთან შეხვედრა განაპირობა და გულდასაწყვეტია, რომ ნახევარფინალში ვერ გავედით. ვეცდებით, პლეი აუტში ღირსეულად ვიასპარეზოთ.
გიორგი ცინცაძე: მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის და მივულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას. იმედია, პროგრამა მინიმუმს შევასრულებთ და ფინალში გადავალთ. წინ უფრო რთული მატჩები გველის და ასეთი თამაშით წინ ვერ წავალთ. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ და ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.
ალექსანდრე გრუევი: დასანანი მარცხი განვიცადეთ და შანსი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ეს კალათბურთია და ყველაფერი ხდება. წარმატებებს ვუსურვებს მეტოქეს ნახევარფინალსა და შემდგომ ეტაპებზე.