შედეგები სუპერლიგის ნახევარფინალები
ჩვეული დაძაბულობით გრძელდება. სერიის მეორე მატჩებში გუშინდელის საპირისპირო შედეგები
დაფიქსირდა. გაიმარჯვეს სტუმრებმა და სერიაში ანგარიშის გათანაბრებით მოედნის უპირატესობა
მოიპოვეს.
ქუთაისში „სოხუმმა“
დამაჯერებელი ანგარიშით – 83:74 იმარჯვა. გამომდინარე წინა მატჩიდან, რომლის ბედიც
ბოლო წამებზე გადაწყდა და მასპინძელთა ქულიანი გამარჯვებით დასრულდა, სოხუმელთა 9-ქულიანი
გამარჯვება მართლაც დამაჯერებელია. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა გუშინდელი დასანანი წაგების
შემდეგ საკუთარ თავში ძალები მონახა და როგორც მებრძოლ სოხუმელებს სჩვევეიათ, განწირული
და მიზანმიმართული თამაშის შედეგად ქუთაისიდან გამარჯვება და მოედნის უპირატესობა წამოიღეს.
მოგება იოლად
არ მოსულა. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო – 54:54. მატჩის ბედი ფილიპ მილერრის
ზეშედეგიანმა თამაშმა გადაწყვიტა. ამერიკელმა უკანახაზელმა, რომელსაც საწყის 3 პერიოდში
6 ქულა ჰქონდა ჩაგდებული ბოლო 10-წუთეულში 4 სამქულიანი და ჯამში 16 ქულა ჩააგდო, რითაც
ქუთაისელებს იმედი გადაუწურა.
სერიაში ანგარიში
1:1 გახდა და მომდევნო 2 მატჩს თბილისი – 10 და 11 მაისს უმასპინძლებს.
ბათუმში მატჩს
რაც შეეხება, სტუმარმა დინამოელებმა 11 ქულის სვაობით – 81:70 მოიგეს. თბილისური გუნდის
დომინაცია ყოველ პერიოდში ნათელი იყო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა ყველა
პერიოდი მოიგეს და მასპინძელთათვის წარმატების შანსი არ დაუტოვებიათ.
დინამოელებს
24 ქულით ნოდარ გოგოძემ ულიდერა. 17 ქულა ჩააგდო მაქსიმ კოვაჩევჩმა, ხოლო ილია ლონდარიძის
ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. „ბათუმში“ 20 ქულით ბომბარდირი ბესო ლეჟავა გახდა, 19
ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა უკრაინელმა იგორ კრივცოვმა.
სერია აქაც თანაბარია
და მომდევნო 2 შეხვედრას თბილისი 10 და 11 მაისს უმასპინძლებს.
ბათუმი – დინამო 70:81
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): დანაკლისის მიუხედავად, (მოგეხსენებათ გიორგი შარაბიძე გვაკლია და დღეს მას ილია ლონდარიძეც დაემატა – ნეკნების დაჟეჟილობა მიიღო) გავათანაბრეთ ანგარიში. გადავხედავთ შემადგენლობას და ტაქტიკურ მონახაზებს გავაკეთებთ შემდეგი თამაშებისთვის, იმ ცვლილებებს შევიტანთ, რომელიც იქნება გამართლებული და მოვემზადებით შეხვედრებისათვის, რაც თბილისში გველოდება.
დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. თუ ჯარიმების პროცენტულობას გადავხედავთ, შევამჩნევთ რომ არც თუ მთლად სახარბიელოა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ პლეიოფებში დინამოსთან ბრძოლა გველოდა და ეს არ იქნებოდა იოლი ბრძოლა. ჩემმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და იბრძვის, ეს ადვილი ჩემპიონატი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ბათუმელი გულშემატკივარი გავახაროთ. დიდი მადლობა მათ, რომ გვერდით გვიდგანან. ვფიქრობ, რომ როგორც ჩემპიონატი იყო საინტერესო, ასევე საინტერესო და დაძბული პლეიოფები გველოდება წინ.
ქუთაისი – სოხუმი 74:83