მეოთხე ნახევარფინალისტის საგზური „ქუთაისმა“ მოიპოვა.
დავით უსტიაშვილის გუნდმა მეოთხედფინალური სერიის საშინაო მარცხით დაწყების შემდეგ რუსთავში ზედიზედ 2 მატჩი მოიგო და საწადელს მიაღწია.
ქუთაისელები ნახევარფინალში უდიდესი ბრძოლისა და თავდადების
ხარჯზე გავიდნენ. როცა სერიას 0:1 აგებდნენ, მეორე მატჩის ბოლო წუთზე 6 ქულით ჩამორჩებოდნენ
და იმ მომენტში ალბათ ვერავინ იტყოდა, რომ ქუთაისელები სერიაში გაიმარჯვებდნენ. უსტიაშვილის
გუნდმა სერიის მეორე მატჩშიც დაიძვრინა თავი და მოიგო, ხოლო დღეს, „რუსთავი“ მისსავე
მოედანზე მეორეჯერაც დაამაცხა.
მატჩის ფინალური ნაწილი ისეთი დაძაბული არ ყოფილა, როგორც
წინა მატჩების, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იმერლებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მართალია,
ქუთაისელები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ მასპინძლები მეტოქეს
წინ არ უშვებდნენ და ბოლო მეოთხედამდე სტუმართა ლიდერობა 2-4 ქულის ფარგლებში მერყეობდა.
პირველ პერიოდში რუსთაველთა ამერიკელმა გამთამაშებელმა
ნეით ბოუიმ 3 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ შორ სროლებში ქუთაისელებმა უფო მეტი სიზუსტე
გამოავლინეს. რევაზ დიდიამ და გიორგი ბარბაქაძემ შორი სამქულიანები ჩააგდეს, ფარქვეშ რიჩარდ
მათიაშვილიც ამოქმედდა და პირველი მეოთხედი სრუმრებმა 19:17 მოიგეს.
მეორე მეოთხედი ფრედ დასრულდა, ხოლო მესამის ბოლოში
ქუთაისელებმა უკვე სოლიდური სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. უსტიაშვილის გუნდი დაცვაში
საიმედოდ იდგა, შეტევაში კი სწრაფი გარღვევებისა და შორი სროლების იმედად იყო. ბოლო
პერიოდი ქუთაისელთა 5-ქულიანი ლიდერობით განახლდა. მალე ქუთაისელთა უპირატესობამ 8
ქულას მიაღწია, თუმცა ბოლო წუთებში რუსთაველებმა შტურმი მოაწყვეს, რასაც ჩამორჩენის
1 ქულამდე შემცირება მოჰყვა – 67:68 დასრულებამდე 1 წუთით ადრე.
წინა მატჩის მსგავსად, ქუთაისელებმა ბოლო წუთზე დიდებულად
ითამაშეს. რიჩარდ მათიაშვილმა საფინალო სირენამდე 36 წამით ადრე სტუმრები 3 ქულით დააწინაურა,
ხოლო დაცვაში ფარქვეშ შესულ კაილ ნესლონს სუფთად დაუფარა და რუსთაველთა ჯარიმის შემდეგ
1 საჯარიმოც ჩააგდო – 71:67 დასრულებამდე 19 წამით ადრე. რუსთაველებმა შეტევა წამოიწყეს,
ქუთაისელები კი ამერიკელ ბოუიზე დაჯარიმდნენ, რომელმაც ორივე სროლა ააცილა და მატჩის
ბედიც აქ გადაწყდა – ქუთაისელებმა საბოლოოდ 74:67 გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
გამარჯვებულებს 22 ქულით და 14 მოხსნით რიჩარდ მათიაშვილმა
ულიდერა, ხოლო ძმებმა – დავით და გიორგი ბარბაქაძეებმა, ასევ რევაზ დიდიამ 14-14 ქულა
მიითვალეს. გამორჩეულად ითამაშა იმერელთა აზერბაიჯანელმა უკანახაზელმა ზაურ ფაშაევმა,
რომელმაც 10 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რუსთაველთა შორის 28 ქულა დაუგროვდა
ბოუის, 13 – ნესლონს და 12 – ცეკვავას.
ნახევარფინალის ორივე წყვილი ცნობილია: „შსს-აკადემია“
– „ქუთაისი“ და „ოლიმპი“ – „არმია”. სერიები 8 მაისიდან დაიწყება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი,
„ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:
„ძალიან დაძაბული სერია იყო. სამივე მატჩის ბედი ბედი
ბოლო წამებზე გადაწყდა. გადამწყვეტ მატჩს მობილიზებულები შევხვდით და თითქმის მთელი
შეხვედრის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით. საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ
და ნახევარფინალის მეტოქეზე ფიქრს დღეიდან ვიწყებთ“.
ბუბა კვიმსაძე,
„ქუთაისის“ უკანახაზელი:
„ძალიან დიდი მადლობა ქუთაისელ ქომაგებს, რომლებიც რუსთავში
ჩამოგვყვნენ. საინტერესო და დაძაბული სერია გამოვიდა და მიხარია, რომ საბოლოოდ გამარჯვება
ჩვენ დაგვრჩა. ეს დიდი ბრძოლისა და თავდადების შედეგია“.
იოვან სტეფანოვი,
„რუსთავის’ ფორვარდი:
„დამნაშავეები ვართ, რომ დაწინაურების შემდეგ სერიაში
დავმარცხდით. ამაში დამნაშავე არ არიან მსაჯები, მწვრთნელები, გულშემატკივრები. ყველამ
სარკეში ჩავიხედოთ და დამნაშავე საკუთარ თავსი ვეძებოთ. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ
გამარჯვებას“.
რუსთავი – ქუთაისი 67:74